პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება – იონათამიშვილი

პირველად იყო უმრავლესობის ლიდერზე ელისაშვილის ვირთხული თავდასხმა, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, თუმცა ოპოზიციასავით ტირილი არ დაგვიწყია, გვირეკავენო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, სწორედ ხელისუფლების ოპონენტებმა დაიწყეს მმართველი გუნდის წევრების ტელეფონის ნომრების საჯაროდ გაზიარება, რასაც მოჰყვა უამრავი ზარი და შეტყობინება.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ოპოზიციას მსხვერპლი სჭირდება, ვინაიდან რუსული მესიჯი აღარ მუშაობს.

„როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, შემდეგ ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი? პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც… სატელეფონო ზარებს რაც შეეხება, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, რასაც მოჰყვა ასობით ზარი და მესიჯი, თუმცა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებივით არ დაგვიწყია ტირილი და გოდება, გვირეკავენო… სხვათა შორის, შარშან ასეთ ზარებზე მამუკა მდინარაძემ მკაცრად რომ უპასუხა, მაშინ „ტვ პირველზე“ გამოდეს, მდინარაძე გვაგინებსო, წელს – აღარ. ეტყობა, სხვა, უფრო „ვაჟკაცური“ გეგმები აქვთ. და ბოლოს გუშინდელ ძალადობებზე – ამას აუცილებლად გამოიძიებენ. სამწუხაროდ, ეს ძალიან სწრაფად არ ხდება, თუმცა პირველი გივი თარგამაძე გვახსენდება, ქათამივით რომ აკლავდნენ თავიანთ „დიად რევოლუციურ გეგმებს“. სხვა გზა არც ახლა დარჩათ, ახლაც მსხვერპლი სჭირდებათ, თორემ რუსულმა მესიჯმა აღარ იმუშავა და ხალხი აქეთ გვეუბნება, უკან არ დაიხიოთ, ეს თაღლითობა და მავნებლობა არ გაატანინოთო. ეს გვითხრა 29 აპრილს მოსულმა ორასიათასზე მეტმა ადამიანმაც“, – წერს რატი იონათამიშვილი.

banner
წინა სტატიაშითავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემაშფოთებელია – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაახალგაზრდებო, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას – თალაკვაძე