ახალგაზრდებო, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას – თალაკვაძე

მინდა, იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, ვიდრე ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას, ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე, – ამის პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ათი წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კოშმარი.

ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან – ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ.

დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან – არამედ, პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.

სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე – როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას – რუსულს არქმევენ.

საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე – ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა – ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება!

ამ ფონზე, მინდა, იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ – პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“,- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიპირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიამომიტინგეების, ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტას, ეს არის მისი სტილი – ვოლსკი სააკაშვილზე