პირბადის ტარების შესახებ ჯარიმების დაწესებაზე პარლამენტში მსჯელობა დღეს გაგრძელდება – ჯარიმა 20 ლარით განისაზღვრება

პირბადის ტარების კანონპროექტს დღეს სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

როგორც ცნობილია, პირბადის არქონა საჯარო დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 20 ლარით, იურიდიული პირის კი 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ახალი რეგულაციებით შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია. საკუთარი შენიშვნები აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც.

“დებატებმა აჩვენა, რომ მის ავტორებს საერთოდ არ აქვთ გააზრებული, პირველ რიგში ოხანაშვილს, ვის ეხება ეს კანონი. ვეკითხები პირბადით უნდა ისხდნენ თუ პირბადის გარეშე და პასუხი არ არის. ასევე, ვეკითხები ამაში შედის თუ არა გადახურული ბაზრები, რომელიც ღია სივრცეა, მაგრამ ფორმალური გადახურვაა – არც ამაზეა პასუხი. არ შეიძლება ასე გაურკვევლობაში დავტოვოთ ადამიანები. მე ამ კანონს ვუწოდე დასჯის და არა ზრუნვის კანონი,”- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ ეს კანონი დამტკიცდა, ჯარიმა, რომელიც 20 ლარის ოდენობას მოიცავს, შეეხება ყველა საჯარო სივრცეს, მათ შორის ღიასაც.

“ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა უმართავი სიტუაცია მივიღოთ,”- აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი სავარაუდოდ კვირის ბოლოდან ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც “კოვიდ-19-ის” პანდემიამ შეაჩერა”
შემდეგი სტატიააშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა