დავით ზალკალიანი : “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც “კოვიდ-19-ის” პანდემიამ შეაჩერა”

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე ქვეყნების ფორუმის ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მთავარი თემა მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა იყო, ქვეყნების სიძლიერის და სიდიდის მიუხედავად. დავით ზალკალიანის განცხადებით, მან პარტნიორებს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ახორციელებს. ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას შეეხებოდა.

როგორც ზალკალიანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, მათი სიძლიერისა და სიდიდის მიუხედავად.

მისივე თქმით, გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მრავალმხრივი თანამშრომლობა გაეროს ქარტიის მიმართ მტკიცე ერთგულებას ემყარება. ქარტიის პრინციპებისგან გადახვევა მსოფლიოს ქაოსსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს უქადის, თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ წინდახედულ სიფრთხილეს კი არა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, საქართველოში არსებულ სასტიკ რეალობას ასახავს.

“რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც “კოვიდ-19-ის” პანდემიამ და ვერც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებებმა შეაჩერა. ის კვლავ განაგრძობს უკანონო პროცესებს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რაც უკიდურესად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა,”- განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ნოდარ მელაძე ეს არის აბსოლუტური ფსკერი პოლიტიკაში
შემდეგი სტატიაპირბადის ტარების შესახებ ჯარიმების დაწესებაზე პარლამენტში მსჯელობა დღეს გაგრძელდება – ჯარიმა 20 ლარით განისაზღვრება