აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიციების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 2 მილიონს, დაღუპულების კი – 112 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, 5-კვირიანი კლების ტენდენციის შემდეგ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიციების შემთხვევების მატება შეინიშნება.

ექსპერტები შემთხვევების ზრდას სამ ფაქტორს უკავშირებენ: ტესტირების ჩატარების მასშტაბის ზრდას, ქვეყნის ყველა შტატში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას, ეკონომიკის გახსნასა და აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციებს.

აღსანიშნავია, რომ 12 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობებს ურჩია, ქვეყნების გახსნა იმ შემთხვევაში დაიწყონ, თუკი დადებითი შემთხვევების მაჩვენებელი 14 დღის განმავლობაში 5% ან უფრო დაბალი იქნება.

„აშშ-ში ეს მაჩვნებელი 4-დან 7 პროცენტამდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ ჯანმო-ს აღნიშნულ გაიდლაინს არ აკმაყოფილებს,“- აღნიშნულია „როიტერსის“ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაშიპირბადის ტარების შესახებ ჯარიმების დაწესებაზე პარლამენტში მსჯელობა დღეს გაგრძელდება – ჯარიმა 20 ლარით განისაზღვრება
შემდეგი სტატიანუნუ მიცკევიჩი ეროვნული გამოცდებისთვის რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ განმარტავს