ფიქრია ჩიხრაძე : პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა, ეს ეტყობოდა დარბაზსაც, რადგან ყველა ძალიან დიდი ყურადღებით ისმენდა

ეს იყო ხალხის საჭიროებებიდან ამოსული გამოსვლა, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი, ამასთან იყო კრიტიკა და ახალი ინიციატივები გამოთქმული.

”იყო ძალიან საინტერესო გამოსვლა. ეს ეტყობოდა დარბაზსაც იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით ისმენდა ყველა. როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს შენიშვნები ვინმეს მხრიდან, ფაქტია, რომ ეს ისმინებოდა ძალიან საინტერესოდ, რადგან იყო მართლაც ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. სადაც იყო საჭირო კრიტიკა, იქ იყო კრიტიკა და ეს ბუნებრივი და აუცილებელია. სადაც საჭირო იყო ახალი ინიციატივები და შეთავაზებები, ესეც ძალიან ჭარბად იყო.

რაც მთავარია, ეს იყო ხალხის საჭიროებებიდან ამოსული გამოსვლა. პრეზიდენტს სწორედ ეს დამოკიდებულება აქვს უმრავლესობასთან, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომ მეტი დიალოგია, მეტი კომუნიკაციაა საჭირო ხალხთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მწვავე საკითხებს წარმოადგენს,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც არის ხალხში. შესაბამისად, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი ერთგვარ ჩაკეტილობაზე მიანიშნებდა პარლამენტარებს, გულისხმობდა მეტ ღიაობას მოსახლეობასთან და მეტ დიალოგს.

”ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ გუშინ მივიღეთ თუნდაც ქუთაისში საზოგადოებასთან შეხვედრებისგან, ის სულისკვეთება, რომელიც რეგიონებში ამ შეხვედრებიდან გამომდინარეობს, ამ საკითხების გარშემოა კონცენტრირებული. პრეზიდენტმა ეს განწყობა მოიტანა პარლამენტში და ბუნებრივია, როდესაც ერთგვარ ჩაკეტილობაზე მიანიშნებდა პარლამენტარებს, მოუწოდებდა ამისკენ, რომ ერთია ერთმანეთში მსჯელობა და დისკუსია, მაგრამ მეორეა ხალხთან ურთიერთობა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არც ერთი თანამდებობის პირი, არც ერთი პოლიტიკოსი არ მოწყდეს ხალხს და არ გადავიდეს ისეთ თემებზე აქცენტი, რომელიც შესაძლოა თავისთავად არ იყოს ინტერეს მოკლებული, მაგრამ არ იყოს ადექვატური იმ რეალობასთან, რა რეალობაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია,” – აღნიშნა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მოსმენების კანონი – ანა დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უპრეცენდენტოს უწოდებს
შემდეგი სტატიასირიაში აშშ-ს სარაკეტო დარტყმები და კრემლის რეაქცია