პეტრე ცისკარიშვილი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მახინჯი, მავნებელი პროგრამაა

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მახინჯი, მავნებელი პროგრამაა, რომელიც არტყამს ეკონომიკას, ბიუჯეტს და საბოლოოდ ჩამოშლის მას.
კრიტიკული პოზიცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას დააფიქსირა. საბიუჯეტო ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების 96.0 მლნ ლარით გაზრდა, “ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის” პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით.
“როცა ერთ სულ მოსახლეზე 3000-დოლარიანი ეკონომიკაც არ გვაქვს, შეუძლებელია ჯანდაცვას ყველას ვუფინანსებდეთ. ხალხი, ვინც ეფექტურად მუშაობს და ბიუჯეტში გადასახადს იხდის, აფინანსებს ჯანდაცვის პროგრამას ყველა დანარჩენისთვის. ასეთ რამ ერთ სულ მოსახლეზე 30-ათას დოლარიან ეკონომიკებშიც კი პრაქტიკულად, შეუძლებელია. ასეთ ქვეყნებში ხალხს კანონით ავალდებულებენ, რომ წავიდნენ და ჯანდაცვის კერძო დაზღვევა შეიძინონ – განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვთ და ხელმოკლედ არ ცხოვრობენ. ამის შემდეგ ვინც დარჩება და სოციალურად დაუცველია, იმას ჯანდაცვის პოლისს სახელმწიფო უფინანსებს. პოლიტიკოსისთვის მომგებიანი არ არის იმ პროგრამაზე უარყოფითად საუბარი, რომელსაც კვლევებით და რეიტინგებით კარგი მაჩვენებელი აქვს და ამომრჩევლის დიდ ნაწილს მოსწონს, მაგრამ ჩვენ ახლავე გეუბნებით, რომ ეს არის მახინჯი, მავნებელი პროგრამა, რომელიც უკვე არტყამს ეკონომიკას, აძვირებს ყველაფერს და აუფასურებს ლარს. მომავალში კი საერთოდ ჩამოშლის ბიუჯეტს და ეკონომიკის კრახი და ძალიან ღრმა რეცესია დადგება. ეს იქნება ამ პროგრამის შედეგი, რადგან მასში თავიდანვე არასწორი დნმ-ია ჩადებული”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშირატო არ მიდის 13 ივნისს დაზარალებულებთან კუთვნილი დახმარება?
შემდეგი სტატია“ნარინჯისფერი კვირეულის” ფარგლებში კედლის მოხატვის აქცია გაიმართება