პატრულის მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება

„პატრულის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა,“ – ამის შესახებ საუბრისას ნუცუბიძის პლატოზე, მე-4 მიკრორაიონში საპატრულო პოლიციის ოპერაციის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების თვითმხილველმა განაცხადა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ როდესაც ბორკილს ადებდნენ, ჩაიჩოქა, ერთი კი უთხრა, რომ თავი დამანებეთ, ცუდად ვარო. ბიჭებიც ეხვეწებოდნენ, ცუდად არის, მაგას რას ერჩითო. ჩვენ რომ ვეუბნებოდით, სასწრაფო გამოიძახეთო და რომ არ გამოიძახეს, ჩვენ გამოვიძახეთ. სასწრაფო მალევე მოვიდა, რომ მოვიდა ის უკვე გარდაცვლილი იყო. პრინციპში, პატრულს ჩააკვდა ხელებში,“- განაცხადა თვითმხილველმა, ქეთინო თოდრიამ. 

გარდაცვლილი ახალგაზრდა 33 წლის პაატა პავლიაშვილია, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მამაკაცი შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის რამდენჯერმე გააფრთხილეს. დაუმორჩილებლობის შემდეგ კი მისი დაკავება გადაწყვიტეს, რა დროსაც, როგორც სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

 

საქმეს იძიებს ქალაქის პროკურატირა 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო გარემო ნამდვილად არაკონკურენტული იყო მმართველი ფინანსური ნაკადიდან გამომდინარე” – პრეზიდენტი
შემდეგი სტატია(ვიდეო) შსს გამოძახების დროს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა