“პატრიოტთა ალიანსი” რუს კოლეგებთან შეხვედრებს სექტემბრიდან ყოველთიურად გამართავს

“პატრიოტთა ალიანსი” რუს კოლეგებთან შეხვედრებს სექტემბრიდან ყოველთიურად გამართავს,- ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრებმა ისაუბრეს. მოსკოვში ვიზიტის შეჯამებისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ფორმატი დიალოგისთვის.

საზოგადოებრივის შეკითხვას, რა კონკრეტული შედეგი ექნება მსგავს შეხვედრებს, “პატრიოტები” პასუხობენ, რომ უკვე არსებობს დასტური გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობაზე.

“პირველ რიგში სოხუმში მინდა ჩასვლა, ცხინვალში მინდა ჩასვლა და ამას ვიწყებთ საფლავების მონახულებით, რა საკითხშიც სრული მხარდაჭერა და დახმარება მივიღეთ. წიგნების ჩატანა, ამით იწყება საუბარი და შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზეც”,-განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, “პატრიოტები” იწყებენ საუბარს რუს კოლეგებთან, რაც დეპუტატის შეფასებით, ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯია.

“მოსკოვში კოლეგებთან სასაუბროდ ჩასვლა ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, ეს არის პირველი ნაბიჯი და პირველი ცდა”,-აღნიშნავს მარშანია.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს,

დეპუტატის განმარტებით, ეს მხოლოდ დეოკუპაციის პირობებშია შესაძლებელი, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ამ თემაზე მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე არ უსაუბრიათ.

როდის აპირებენ რუსი დეპუტატები ქართველი კოლეგების მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას, “პატრიოტთა ალიანსს” ამასთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გააჩნია. სექტემბერში ქართველი დეპუტატები მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხტარლის საქმეზე სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიაკონტრდაზვევრის დეპარტამენტის დირექტორის, ოთარ კუპრაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს