აფგან მუხტარლის საქმეზე სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

როგორც შს მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს-მ აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო.

“აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, სულ დათვალიერებულია 46 კამერის ჩანაწერი, მათ შორის კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე 10 კამერა, მიმდებარე ტერიტორიაზე 19 კამერის ვიდეოჩანაწერი. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი მაისურით, სავარაუდოდ აფგან მუხტარლი 4 ნომერ მიკროავტობუსში ჯდება. გამოიკითხა მოწმეები, მარშუტკის მძღოლები, რომლებმაც თქვეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს სამასი არაგველიდან გოთუას ქუჩამდე და 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოიკითხა ათეულობით მოწმეა ტაქსის მძღოლები, ობიექტების თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან გატაცების ფაქტი. მუხტარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა 27 ვიდეჩანაწერი, რაშიც არ ფიქსირდება მუხტარლი. გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, არც სხვა საეჭვო გარემოება. გამოიკითხა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 66 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინციდენტს, ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სულ ჯამში დაიკითხა 343 მოწმე. გამოძიება “მაგთიკომიდან” გამოითხოვა 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით მუხტარლის მობილურზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გაეგზავნათ მათ წარმოებაში არსებულ მასალების გამოთხოვისა და მუხტარლის დაკითხვის თაობაზე შეტყობინება, ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ. მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის შვილს დაენიშნათ დაცვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. მათი დამცველი ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის მასალებს და მიეცა ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება.საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – განაცხადა მინისტრმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლისსაქმესთან დაკავშირებით, ორმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობები დატოვეს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კუპრაშვილმა. 

„ჩვენ როგორ უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა, გაურკვეველ ვითარებაში მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშისენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის კიბო დაუდგინდა-“გლიოპლასტომია”
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” რუს კოლეგებთან შეხვედრებს სექტემბრიდან ყოველთიურად გამართავს