პატრიარქის დავალებით, მონასტრებიდან გამოყრილი ბერები – ისტორიული ფაქტებით, სპეციალურად “თაიმერისთვის” მღვდელი გელასი აროშვილი

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდი და შემდგომი წლები, აქტიური იყო პოლიტიკური, თუ რელიგიური მოვლენებით, ფაქტები კი საქართველოს უახლეს ისტორიას წერდა. ფრთხილი და დიპლომატი პატრიარქის ქმედებებზე მაშინ, ღიად ვერავინ ისაუბრებდა და მით უფრო, საქმის დაპირისპირებამდე მიყვანასაც ვერავინ გაბედავდა, თან ისე, რომ გასაჯაროებულიყო. თუმცა, ხშირი იყო პოლიტიკური დაპირისპირებები, რომლებშიც, თავისთავად, ილია მეორეც ფიგურირებდა, თუმცა, ჩვეული სიფრთხილით. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

საქართველოს ეკლესია წლების განმავლობაში (1948 წელს შექმნილი) ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ნაწილი იყო. 1997 წელს კი ბერებმა გაწყვიტეს ევქარისტული კავშირი საპატრიარქოსთან, მიზეზი კი საქართველოს ეკლესიის ეკუმენური მოძრაობიდან გამიჯნვის  კატეგორიული მოთხოვნა იყო. რას გულისხმობდა მსოფლიო ეკლესიის საბჭოს წევრობა?! რას ამტკიცებდნენ ბერები, რატომ ეწინააღმდეგებოდა აღნიშნული მოძრაობა ქრისტიანობას?! რა მიზანს ემსახურებოდა, თავად საბჭო და რა ბედი ეწიათ იმ ბერებს, რომლებიც ეკუმენური საბჭოს წინააღმდეგ ამხედრდნენ და ფაქტობრივად, ილია მეორე აიძულეს, საქართველოს ეკლესია მსოფლიო ეკლესიების საბჭოსგან გამიჯნულიყო.

გასულ კვირას “თაიმერზე” გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, საერო, თუ სასულიერო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინტერვიუში სწორედ, ეკუმენურ საბჭოსთან დაკავშრებით იყო განხილვა, რაც საზოგადოების უმრავლესობამ, რესპონდენტის მხრიდან ეკუმენური მოძრაობის მნიშვნელობის განმარტება, ცრუდ შეაფასა, სპეციალისტებმა კი, ინტერვიუში ამ მიმართულებით “გაპარულ” უზუსტობებზე, არგუმენტირებული შენიშვნაც მოგვცეს. საბოლოო ჯამში კი, რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება გაეკეთებინა ინტერვიუ, ეკუმენურ საბჭოსთან დაკავშირებით, 1997 წლის ამბოხის უშუალო მონაწილესთან. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი, გელასი აროშვილი, საქართველოს უახლეს პოლიტიკურ, თუ რელიგიურ ისტორიას ფაქტებით იხსენებს:

– ეს მოძაობა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მოიცავდა პროტესტანტული ლიდერების გააქტიურებას აღმოსავლეთის, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიების მიმართულებით. მაშინ, ზოგადად, საეკლესიო ლიბერალიზმი “მოდაში” იყო და ეკუმენური მოძრაობა, სხვადასხვა კომფენსიების მცდელობას გულისხმობდა. ამაში თავიდანვე ჩაება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ხოლო რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, იმ აზრით, რომ რევოლუცია იყო (კომუნისტების პერიოდს ვგულისხმობ). მაშინ, არავითარი კონტაქტები არ ჰქონდათ უცხოეთში, მით უმეტეს სტალინის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხრუშოვის პერიოდში, თვითონ, საბჭოთა ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, რომ გააქტიურდეს ამ მიმართულებით. ეკლესიების მსოფლიო საბჭო კი მანამდე, 1850 წელს დაფუძნდა, როგორც ორგანიზაცია, სადაც გაერთიანდნენ პროტესტანტული დენომინაციები და მართლმადიდებლური ეკლესიები. კათოლიკები ამ ორგანიზაციაში არასდროს გაწევრიანებულან, რადგან მათთვის მიუღებელია პროტესტანტებთან რაიმე სახის ერთობა. თავიდანვე, ეკლესიათა მსოფლი საბჭოს ეგიდით, აკრძალული იყო პროზელიტიზმი, ანუ, საკუთარი სარწმუნოების ქადაგება. იმ ტრიბუნიდან, ვერავინ ვერ იქადაგებდა საკუთარ სარწმუნოებას. ეკუმენური მოძრაობა იყო, რაღაც, ფორმალური, ნომინალისტური მცდელობა ამ პროტესტანტული ჯგუფების დაახლოებისა, რომლებიც, სხვათა შორის, საკმაოდ მრავარიცხოვანნი იყვნენ, რადგან ყოველდღიურად ახალ-ახალი ჯგუფები იქმნებოდა, რადგანაც ეს მაქსიმალურად ლიბერალური მიმდინარეობაა. პირობითად, რომ ვთქვათ, რამდენი პროტესტანტიც არის, იმდენი რელიგია არსებობს, ჩვენთანაც იგივე ხდება ფაქტობრივად.

– ანუ, სხვადასხვა რელიგიების გაერთიანებით საერთო აზრამდე მისვლის მცდელობა იყო?

– ჩვენ შორის რა განსხვავებებიც არის გვერდზე უნდა გადაგვეწია და გავერთიანებულიყავით იმაში, რაც საერთო გვქონდა, მაგრამ გაერთიანება რანაირად შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ ერთად არ ვილოცებთ, საერთო რიტუალს არ შევიმუშავებთ?! ამ ეკუმენისტურ, საერთაშორისო ფორუმებზე, შეინიშნა ეს ტენდენცია ლიტურგიკული, ანუ რიტუალური თანამსახურებებისა. ეს იყო სრულიად ეკლექტური, ხელოვნურად შექმნილი, რომელსაც არანაირი საფუძველი, არანაირი ტრადიცია არ ჰქონდა, რადგან ქრისტიანობას საფუძველში უდევს იდეა, რომ ჩვენ ერთად ვლოცულობთ და გვაქვს ერთი ევქარისტია და თანაზიარება მხოლოდ მათთან, ვისთანაც გვაქვს საერთო სარწმუნოება. სხვანაირად ეს არის ნონსენსი! იმიტომ, რომ ქრისტე, მისი პიროვნებისა და თვსებების იდენტიფიკაცია, სრულიად სხვა არის პროტესტანტიზმში, სრულიად სხვა არის კათოლიციზმში, სრულიად სხვა არის მართლმადიდებლობაში და ა.შ. ამიტომაც არის ამ კომფენსიებს შორის სხვაობა, თორემ, თუ ერთი ქრისტე გვყავს და ერთ ქრისტეს ვაღიარებთ, მაშინ რა არის სადავო?! არც არაფერი! ეს გაყოფა გამოიწვია იმან, რომ ზოგიერთმა რაღაც დაუმატა ქრისტეს პიროვნებას, ზოგმა დააკლო, ზოგმაც ორივე, თან დაუმატა და თან, დააკლო. ასე ვთქვათ, მისი პიროვნების მოდიფიკაცია მოახდინა. ადამიანს ეს ახასიათებს იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ეს სარწმუნოება ჩვენს თარგზე გამოვჭრათ, ვისთვის როგორც არის კომფორტული და ა.შ. შესაბამისად, ეს იყო სრულიად ეკლექტური, ფორმალური გაერთიანება და დღემდე არის, რადგანაც არსებობს ეს მოძრაობა და ასეთი ტიპის მოძრაობები ყოველთვის იყო ეკლესიის ისტორიაში, თუმცა, ქრისტიანებისთვის ეს პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელი იყო, რადგან ეკლესიის ყველა წმინდანი ვინც კი არსებობდა და არსებობს, არის იდეური ანტი ეკუმენისტი და მოწამეები იმისთვის სწირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს, რომ არ შედიოდნენ არანაირ კომპრომისულ გარიგებაში, არც წარმართებთან, არც მწვალებლებთან, არც სხვა რელიგიის მიმდევრებთან. პირველ საუკუნეებში, ქრისტიანებს იმიტომ კი არ დევნიდნენ, რომ ისინი ქრისტეს აღიარებდნენ, არამედ იმისთვის, რომ ისინი მხოლოდ ქრისტეს აღიარებდნენ და თან, აღიარებდნენ ჭეშმარიტ ქრისტეს. რომის პანთეონში, სადაც მათ ეპატიჟებოდნენ, იქ, რომ შეეტანათ ქრისტეს ქანდაკება და დაედგათ სხვა მათ კერპებთან და “ღვთაებებთან” ერთად, ქრისტიანები იქ მაინც არ შევიდოდნენ და სწორედ, ეს იყო მიუღებელი იმ სამყაროსთვის, რადგან ეს ერთგვარი რიგორიზმი იყო მათთვის. ქრისტიანები ვერ უღალატებდნენ თავიანთ ჭეშმარიტ ღმერთს და ამისთვის სიკვდილისთვის მზაობაც კი ჰქონდათ. ქრისტიანობა სანამ რელიგია გახდებოდა, მანამდე ეს პროცესები საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება.

https://youtu.be/TwNb4pbNHpw

– თუკი, ამდენი მიზეზი არსებობდა, რომ ამ ყველაფრისგან იზოლირებული ვყოფილიყავით, საერთოდ, რატომ შევიდა საქართველოს ეკლესია ეკუმენურ საბჭოში?

– როგორც გითხარით, ხრუშოვის დროს, უკვე აიძულეს რუსეთის საპატრიარქო და რა თქმა უნდა, ამაში ავტომატურად მოჰყვა საქართველოს საპატრიარქოც, რომ შესულიყვნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რადგან ცივი ომის პირობებში, საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა საერთაშორისო ტრიბუნა, რომელსაც მუდმივად გამოიყენებდა დემონსტრირებისთვის, რომ საბჭოთა კავშირის მხრიდან, არანაირი დევნა მორწმუნეებზე, ქრისტიანებზე, სხვაგვარად მოაზროვნეებზე არ არსებობდა, არამედ პირიქით, პარტია და მთავრობა ზრუნავდა მორწმუნეთა ინტერესებისთვის. ეს ერთი, ხოლო მეორე მიზეზი იყო ის, რომ სადაზვერვო ფუნქცია შეუთავსეს. როგორც იცით, თავყრილობები იმართებოდა კაპიტალისტური ქვეყნების ქალაქებში, ინგლისში, ამერიკაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, კანადაში და ა.შ. სადაც ჩადიოდნენ დელეგაციები (ეს არქივები 90-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა ნაწილობრივ, საჯარო გახდა ელცინის პერიოდში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დღემდე საჯაროა). სასულიერო პირები კი არა, ამ შეკრებებზე, სპეც-სამსახურების გადაცმული აგენტები მიდიოდნენ, ანაფორა გადაცმული მზვერავები, რომლებსაც ქრისტიანული სუბკულტურა შეასწავლეს, რომ იქ, რამე არ შეშლოდათ. ახლა, რომ ამბობენ, იქ ქრისტიანობას ქადაგებდნენო, ვინ რას ქადაგებდა?! შენ იყავი საბჭოთა კავშირის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ჭანჭიკი, რომელსაც ხმის უფლებაც კი არ გქონდა. რუსეთის დღევანდელი პატრიარქი, კირილი ამ დელეგაციების ხელმძღვანელი და პირდაპირი კურატორი იყო, იმ დელეგაციაში, რომელშიც შედიოდა საქართველოს დელეგაცია და რომელსაც ილია მეორე ხელმძღვანელობდა. ანუ, კირილი, უკვე 80-იან წლებში იყო ხელმძღვანელი, მათ შორის საქართველოს ეკლესიის დელეგაციებისა. ეს კავშირები რა გაწყდა, სადმე წავიდა?! დღემდე არსებობს. იმ საქმეებისთვის, რომლებსაც ისინი იქ აკეთებდნენ, ფორუმზე გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ჩადიოდნონ მოსკოვში და გადიოდნენ ინსტრუქტაჟს, დელეგაციის თითოეული წევრი იღებდა კონკრეტულ დავალებებს რა უნდა გაეკეთებინა, რა უნდა ეთქვა, ვისთვის რა უნდა გადაეცა, ვისზე უნდა დაეწერა პოლიტიკური, თუ რელიგიური დანოსი, ტყუილი, მართალი, ათასი სიბინძურე მათზე, ვის მიმართაც სპეც-სამსახურების მხრიდან ინტერესი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მათ მიერ ჩაბარებული “აჩოტები”. ვიზიტიდან, რომ ბრუნდებოდნენ, ერთი კვირა მოსკოვში რჩებოდნენ და ყრილობის ანგარიშებს აბარებდნენ რუსეთს.

– ვინ აბარებდა ანგარიშს?!

– რა თქმა უნდა, ილია მეორე და სხვა დანარჩენი წევრებიც: სასულიერო პირები, თარჯიმნები. ვინ გავიდოდა მაშინ ამერიკაში და ინგლისში, თუ არა სპეციალური დავალება?! პატრიარქი იყო აქტიური წევრი ეკუმენურ მოძრაობაში და ზედმიწევნით ასრულებდა რუსეთის დავალებებს. რაც ყველაზე მთავარია, ეკუმენური საბჭოს ფინანსური დონორი, დღემდე არის მოსკოვის საპატრიარქო. უკანასკნელ ასამბლეაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო (უკრაინის ომთან დაკავშირებით), გარეშე პირებისგან დაისვა საკითხი, რომ მოსკოვის საპატრიარქო რადგანაც ხელშემწყობია ამ ომის და აკურთხებს სისხლისღვრას და იარაღს, რომ “გავრიცხოთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდანო” და კბილებით დაიცვა თვითონ ადმინისტრაციამ და მისმა წევრებმა, იმიტომ, რომ დღემდე რუსეთი ინახავს ამ საბჭოს. შესაბამისად, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. რუსეთს კი იქ, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, სერიოზული გავლენა ჰქონდა.

– დიდი რეზონანსი ექნებოდა შეხვედრებზე განხილულ საკითხებს…

– მაინც დიდი ფორუმია, მსოფლიო საბჭო ჰქვია და მთელი მსოფლიოდან ჩადიოდნენ დელეგაციები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, როგორც არა წევრები, არამედ, სტუმრის სტატუსით, ანუ, მნიშვნელოვანი ფორუმი იყო. ყველა ენაზე გამოდიოდა ბიულეტინები, ვიდეოფილმები, ჟურნალები და ა.შ. საპატრიარქოს ბიბლიოთეკა სავსეა ამ მასალებით, მე თვითონ ამასთან დაკავშირებით, სადიპლომო ნაშრომი მაქვს დაწერილი და მთელი კორპუსია, საოცარი მასალები ინახება.

– როგორც თქვით, საბჭო მრავალრიცხოვანი იყო, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კონსესუსის მიღწევა არ იქნებოდა მარტივი, ალბათ, იყო შემთხვევები, როცა საკითხი ღიად რჩებოდა…

– ყველა გადაწყვეტილება შეთანხმების საფუძველზე მიიღება, ანუ, ყველა უნდა იყოს თანახმა, თუ რომელიმე ერთი დელეგაცია არ არის თანახმა, საკითხი ჩაშლილია. როცა საბჭოთა კავშირის დისიდენტების გათავისუფლების საკითხი დააყენეს, იმ პოლიტ პატიმრების, იმ სასულიერო პირების, რომლებიც ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ჰყავდათ გამომწყვდეული, მათზე ცდებს ატარებდნენ, რადგან ისინი აქტიურები იყვნენ და ქრისტიანობას ქადაგებდნენ, ასეთები ყველა ციხეებში ჰყავდათ გამოკეტილი და სწორედ, მათ შესახებ იყო საკითხი დასმული, რომ მხარი დაეჭირა საბჭოს და საბჭომ რეზოლუცია კი არ მიიღო, საერთოდ ჩააგდო ეს საკითხი და გაჩუმდა. რატომ?! რადგანაც რუსეთის საპატრიარქო იყო მაშინაც მთავარი დონორი.

– რა მოხდა 1997 წელს? თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით ამ პროცესებში…

– ტერორის წინააღმდეგი ვიყავით ყველა. მაშინ ინფორმაცია სად იყო?! 80-იანებში დაგვიანებით შემოდიოდა სხვადასხვა გზით, 90-იანებში კი უკვე შედარებით ხელმისაწვდომი გახდა ყველაფერი, გავერკვიეთ და მივხვდით, რომ სარწმუნოებრივად ეკუმენური მოძრაობა არის ყოვლად მიუღებელი და ანტიქრისტიანული. ამ აზრმა შექმნა მთავარი პოზიცია, მთავარი მიუღებლობა აქიდან მომდინარეობდა, მაგრამ რაც მთავარია ამასთან ერთად ზნეობრივად არასწორი იყო, ბოროტებას ემსახურებოდა. ანუ, ეს ეკუმენიზმი პროტესტანტული, ან კათოლიკური კი არ არის (კათოლიკური ეკუმენიზმიც არსებობს, რომელიც პაპოცენტრულია და ყველა რელიგიას მოიცავს და ცენტრში რომის პაპი დგას, იქაც მონაწილეობდნენ რა თქმა უნდა), არამდ, მესამე – წითელი, ანუ სერგიანული, კომფორმისტული, როდესაც სასულიერო პირები დგანან კონკრეტული პოლიტიკური სისტემის სამსახურში და ასრულებენ საიდუმლო პოლიციის დავალებებს. ეს იყო ამაზრზენი, ამის წინააღმდეგი ვიყავით ჩვენ და დავსვით ეს საკითხი. მანამდე, 15 წლის განმავლობაში გვქონდა უშუალოდ, პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან დავა. მუდმივი დისპუტები იმართებოდა, შეხვედრები და რაც დრო გადიოდა, ისინი ამაში უფრო და უფრო ეფლობოდნენ. 90-იანებში წამოვიდა დიდი ჰუმანიტარული დახმარება ამ ეკუმენური მოძრაობიდან და ეს ჰუმანიტარული დახმარება აკუმულირდებოდა საპატრიარქოში. ეპისკოპოსები გვეუბნებოდნენ: ჩვენ იქიდან, რომ გამოვიდეთ, ეს ჰუმანიტარული დახმარება შეწყდება და მერე ხალხი ჩვენ მოგვთხოვს პასუხსო”, თითქოს ხალხს ურიგებდნენ ყველაფერს.

– როგორ გამოვიდა საქართველოს ეკლესია ეკუმენური საბჭოდან?

– როდესაც საკითხი მწვავედ დაისვა, მაშინდელმა მონასტრებმა (მცირერიცხოვანი 7-8 მონასტერი იყო) შეწყვიტეს ურთიერთობა საპატრიარქოსთან, ვიდრე არ გადადგამდნენ ნაბიჯს, რომ გამოსულიყვნენ ეკუმენური მოძრაობიდან. სწორედ, ეს მოხდა 1997 წელს. რადგანაც ნახეს, რომ ხალხის დიდი ნაწილი, მორწმუნე ერი ამ ბერებს მხარს უჭერდნენ, ამბავიც გახმაურდა, დიდი სკანდალი იყო, პრესამ დაიწყო წერილების გამოქვეყნება. 1997 წელს შევარდნაძეს ბევრი მომხრე არ ჰყავდა, როგორც იცით, მაშინ, პოლიტიკური არეულობა იყო, შეეშინდა, რომ ამ პოლიტიკურს რელიგიური არეულობაც არ დამატებოდა და რადიოში ორშაბათის (ტრადიციული) გამოსვლისას, თქვა: “მე მჯერა ჩვენი ბრძენი პატრიარქის, რომ შექმნილ ამ კრიზისულ ვითარებაში მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებასო”. სამშაბათს პატრიარქმა მოიწვია სინოდი და ეკუმენური საბჭოდან ოფიციალურად გამოვიდა, თუმცა, ეს იყო ფორმალობა, სინამდვილეში ეს ეკუმენისტური კავშირები არ გაუწყვეტიათ, უფრო მეტიც, რამდენიმე წელიწადში შევიდნენ “ესენგეში”, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებაში, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფოები დღემდე შედიან. ეს არის რელიგიათა საბჭო, სადაც შედიან არამარტო ქრისტიანული კონფესიები, არამედ, თუკი რამე რელიგია არსებობს ყველა. შევარდნაძის და შემდეგ უკვე პატრიარქის ეს გამოსვლა, რომ იდეური და წრფელი ყოფილიყო, ხომ არ შევიდოდნენ უფრო უარეს გაერთიანებაში?! დღემდე იქ არიან! ვიდრე რუსეთთან არ გართულდებოდა უთიერთობა, ყოველწლიურად მონაწილეობდნენ “ესენგეს” ამ შეკრებებსა და ფორუმებში.

– ამბოხში მონაწილე სასულიერო პირებს პატრიარქი არ წყალობს, თქვენი მღვდლობა, როგორ დაუშვა ილია მეორემ?!

– მას შემდეგ ჩვენ საპატრიარქოსთან ურთიერთობა არ აღგვიდგენია. ვართ ალტერნატიული ეკლესია მეინსტრიმული, ოფიციალური, რომელსაც სახელმწიფო აღიარებს და ეხმარება. ჩვენ ვართ პატარა ჯგუფი, რომლებსაც პატრიარქთან და საპატრიარქოსთან არანაირი სულიერი კავშირი არ გვაქვს. გვაქვს კავშირი თანამოაზრეებთან, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან, ჩვენი პოზიციის ეკლესიები. მცირერიცხოვანი, მაგრამ ყველგან არიან. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში.

– ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ სჯის პატრიარქი მის წინააღმდეგ წასულ სასულიერო პირებს. ამ რეზონანსული ამბოხის შემდეგ, რა მოიმოქმედა ილია მეორემ?!

– როგორც გითხარით, მოიწვია სინოდი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეკლესია გამოსულიყო ეკუმენური საბჭოდან. სინოდის ეს დადგენილება ორი მუხლისგან შედგებოდა: პირველი – გამოვდივართ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და მეორე – დაისაჯონ ის ბერები და საერო პირები, რომლებიც ამას ითხოვდნენ. დაუკვირდით, რა აბსურდია! თუ, ამ ბერების მოთხოვნას ითვალისწინებ, უნდა დასაჯო, თუ უნდა დააჯილდოო?! ამის შემდეგ, ეს ბერები მონასტრებიდან გამოყარეს, პოლიციის და უშიშროების დახმარებით, პირადი ნივთების აღების უფლებაც კი არ დაუტოვეს. ამის შემდეგ ზოგი უცხოეთში წავიდა, ზოგი აქ დარჩა, ზოგიც გარდაიცვალა და ა.შ. მე მაშინ საერო პირი ვიყავი, აკადემიის სტუდენტი, ბერების თანამოაზრე და მოვლენების უშუალო მონაწილე გახლდით, რადგან ამ საქმის სპეციალისტი ვიყავი. სადიპლომო ნაშრომიც ამ საკითხზე მქონდა დაწერილი. ცხადია, ეს ნაშრომი არავინ არ მიიღო, არც დიპლომი არ მომცეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ თავიდან ბოლომდე პირადად ვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესებში და ლიტერატურა, რაც იყო ამ თემაზე, ჩვენ გამოვეცით.

– ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტის შემსწრე ბრძანდებით, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, თუ, როგორ წერდა ილია მეორე დანოსებს “კა.გე.ბე”-სთვის…

– მაშინ, რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი იყო, რომელიც არ ექვემდებარებოდა ადგილობრივ მთავრობას, პირდაპირ მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო და მისი ხელმძღვანელები, როგორ ამცირებდნენ, როგორ აგინებდნენ და რაღაცებს, როგორ აიძულებდნენ ეპისკოპოსებს, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და საკუთარი ყურით მოსმენილი, სრულიად შემთხვევით შევსწრებივარ ასეთ სცენებს. როდესაც პატრიარქი “კა.გე.ბე.”-სთვის წერდა ანგარიშს, ჩემი ძმა შეესწრო ამ ფაქტს. 80-იანი წლების ბოლოს, იერუსალიმიდან, რომ ჩამოვიდა პატრიარქი, დაწერა მოხსენებითი ბარათი, სადაც აღწერდა დეტალურად, თუ რა ხდებოდა იქ. “ანგარიშში” მის სულიერ ძმაზე ბინძურ ცილისწამებებს წერდა.

– რა როლი ჰქონდა პატრიარქს, ეროვნული ხელისუფლების დამხობაში?!

– საინტერესო იცით რა იყო?! სექტემბერში, როდესაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გამსახურდიას ხელისუფლებას დაამხობდნენ (დამხობის პროცესები, დაიწყო დეკემბერში), საჯაროდ, უამრავი ხალხის თანდასწრებით, საპატრიარქოს ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიამდე მიიტანდნენ მის ნათქვამს, თქვა, რომ: “საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ედუარდ შევარდნაძეო” და მაშინ, ედუარდ შევარდნაძის სახელის ხსენებაც კი ყველასთვის გამორიცხული იყო, ანუ, ილია მეორეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და როდესაც დაპირისპირებების სერია დაიწყო, საპატრიარქოს იცავდა თენგიზ კიტოვანის გვარდია. შეიარაღებული ხალხი ღამეებს ათენებდა, რომ უკმაყოფილო ადამიანები არ მისულიყვნენ და პროტესტის ნიშნად არ შეჭრილიყვნენ საპატრიარქოში. შემდეგ უკვე, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს და ზვიადი იძულებული გახდა წასულიყო, დიდი ზარ-ზეიმი იმართებოდა საპატრიარქოში ჯაბა იოსელიანის თამადობით. ილია მეორეს არ უნდოდა ეროვნული ხელისუფლება, რადგანაც თვლიდა, რომ ზვიად გამსახურდია აუცილებლად ჩაერეოდა საპატრიარქოს საქმეებში, რადგანაც ზვიადმა კარგად იცოდა ის კადრები, თუ ვინ ვინ იყო საპატრიარქოში და მან უთხრა კიდევაც პატრიარქს, რომ პირადად მას არ შეეხებოდა, მაგრამ მაინც არ უნნდოდა ისიც კი, რომ ზვიადს საპატრიარქოში საკადრო რეფორმები განეხორციელებინა. “გაუშვი რამდენიმე ადამიანი და ახალი კადრები მიიღეო”, ეს პატრიარქისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და კიდევ ბევრი მიზეზი არსებობდა, რატომაც ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ხელისუფლებას. თუმცა, ის, რომ გამსახურდიას და კოსტავას ბურუსით მოცულ მკვლელობებში პატრიარქის ხელი ერიოს, ეს აზრი ცოტა გაზვიადებულია. გამსახურდიას იმდენი მტერი ჰყავდა, მის მკვლელობას დაკვეთა და შეკვეთა არ სჭირდებოდა. ცხადია, ეს დაკვეთა რუსეთიდან მოდიოდა და შემსრულებლები აქაურები იყვნენ, მაგრამ პატრიარქს არა მგონია ამაში წვლილი მიეძღვოდეს.

– ექვსტომეული “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, რომელიც წლების წინ გამოეცით, აიკრძალა სასულიერო აკადემიაში…

– მაშინ, როდესაც რელიგიური ლიტერატურა ფაქტობრივად არ არსებობდა, 80-იან წლებში დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, თეოლოგიურ ტექტსებს იშვიათად გამოსცემდა ხოლმე სამეცნიერო აკადემია, იმასაც ძველ-ქართულად, რასაც ბევრი ვერც კითხულობდა. დავიწყეთ ამ საკითხებზე მუშაობა ჩვენი იდეებით, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. საპატრიარქოს არ მოეწონა ეს ყველაფერი, რადგან იქ, რაც ეწერა, უამრავი რამ, კარდინალურად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც პატრიარქი და სხვები ქადაგებდნენ. აგვიკრძალა გამოცემა, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელეთ. მაშინ, ეკლესიებში შეტანაც აგვიკრძალა, ჩვენმა თანამოაზრე სასულიერო პირებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა და ისინი ავრცელებდნენ. პატრიარქს პიროვნულად ჩვენთვის, არაფერი დაუშავებია, პირიქით, ბევრი სიკეთეც მახსოვს. უბრალოდ, როცა რაღაცაზე შენი აზრი გაქვს და ეს არ ემთხვევა მისას, მისი პიროვნული მტერი ხდები, ასეთი თვისება აქვს. თეოლოგია და ზოგადად, ღვთისმეტყველება ისეთი სფეროა, რომ აქ შეუძლებელია ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გამოცემები ეკლესიის სწავლებას მოიცავდა, ავტორიტეტებს, წმინდა მამებს გამოვცემდით, აბა, ჩემი წერილები და მოსაზრებები კი არ იყო! ინფორმაციის ვაკუუმის შემთხვევაში, სასულიერო პირები თავის მრევლს ჩასჩიჩინებენ იმას, რაც თვითონ იციან და სწორად მიაჩნიათ. უცებ გაჩნდა დოკუმენტური ტექსტები, რომლებიც მათი ნათქვამის საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, თან, ავტორიტეტული ტექსტები, ეკლესიის ცნობილი ღვთისმეტყველების და მამების. მით უმეტეს, აქ მუდმივად იწერებოდა ეკუმენიზმის კრიტიკა, რელიგიური აღრევების, უპრინციპობისა და ინდიფერენტიზმის. ამიტომაც, აიკრძალა ამ წიგნების გამოყენება.

– რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ეკლესია რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას?!

– საქართველოს საპატრიარქო მიბმულია მოსკოვის საპატრიარქოზე. თქვენ წარმოიდგინეთ, მოსკოვის საპატრიარქოში კი არა სპეც-სამსახურებში რამდენად დიდი დოსიეები არსებობს იმ რელიგიური პირების შესახებ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყვნენ ჩაბმული ამ აგენტურულ საქმიანობაში. მათ შეუძლიათ, ერთი ისეთი ინფორმაცია გაუშვან ინტერნეტ სივრცეში, რითაც გაანადგურებენ რომელიმე კონკრეტულს. ამიტომ, ესენი, სანამ იცოცხლებენ, მუდმივად რუსეთის საპატრიარქოსა და სპეც-სამსახურებზე იქნებიან მიბმულები, სხვა გზა და გამოსავალი არც აქვთ. პატრიარქი რუსეთში შექმნეს კადრად, ისეთი, როგორსაც ამზადებდნენ საბჭთა კავშირში. შერჩეული იყო კადრი, შემთხვევით ხომ არ ხდება ასეთი კადრის შერჩევა?! მანდ იყო ჩართული მთელი სამსახურები ბუნებრივია. ძალიან ბავშვური იქნება ვინმემ რომ თქვას, ღმერთმა ინება ილია მეორეს გაპატრიარქებაო, რადგან ის არის პირდაპირ “კა.გე.ბე”-ს დანიშნული. პატრიარქის გარდა, რუსეთზე მიბმულია სასულიერო პირების დიდი ნაწილი, რადგან იქაური რელიგიური ავტორიტეტები, საქართველოში ძალიან “მოდაშია” და არსებობენ აქაური ავტორიტეტები, რომლებიც არიან რუსები და პრო-რუსები, მთელი ჯგუფებია, ასობით სამღვდელო პირი, თავისი მრევლით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ერთადერთი პერსპექტივა და გამონათება არის რუსეთი. ეს არის აბსურდი! ზნეობრივად და სარწმუნოებრივად, მოსკოვის საპატრიარქოსნაირ დეგრადირებულს, როგორ შეიძლება მიბაძო და შენთვის იყოს ავტორიტეტული და სამაგალითო?! ამაზრზენია! საქართველოს საპატრიარქოს აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მხარეზეა და გულშემატკივრობს რუსეთს, რადგანაც უკრაინაში რელიგიური ალტერნატივა გაჩნდა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის სახით და ეს არის მათთვის მთელი მათი ეკლესიოლოგიის ფუნდამენტის ნგრევა. რა არის მათი ფუნდამენტი?! ეკლესია ვართ მხოლოდ ჩვენ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვიქნებით. ძველ საყდრებში ხომ ვსხედვართ?! დამთავრდა! ეკლესია ეს არ არის! ეკლესია არის ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდანები და ანგელოზები, მათთან თანამოაზრეობა და ერთგულება. შენ, თუ პირიქით წმინდანთა სწავლებებს არღვევ და შენსა და წმინდანების სწავლებებს შორის უფსკრულია, შენ რა ეკლესია ხარ?! დე-ფაქტო ხარ, მაგრამ ღვთის წინაშე არაფერიც არ ხარ!

– როგორ შეაფასებთ “ერთმორწმუნე” რუსეთის ქმედებებს უკრაინის, მანამდე კი საქართველოს მიმართ?!

– არანაირი ერთმორწმუნე რუსეთი არ არის. მითი და ზღაპარია, რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა. ჯერ ერთი, ქვეყანა როგორ შეიძლება იყოს მართლმადიდებლური?! მართლმადიდებელი შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი და ის მითი, რაც არის წმინდა რუსეთისა და მართლმადიდებელი რუსეთის შესახებ, მოგონილია და რუსული პროპაგანდის ნაწილია. როდესაც საქართველო შეიერთა რუსეთმა 1800-იან წლებში, თქვენ გგონიათ რუსეთი მართლმადიდებლური იყო?! როგორ იყო მართლმადიდებლური, როცა საპატრიარქოს ინსტიტუტი გაუქმებული იყო და სინოდს სახელმწიფო ჩინოვნიკი მართავდა?! მაშინდელი რუსეთის საპატრიარქო, მთლიანად იყო დარგობრივი სამინისტრო რუსეთის იმპერიაში. მეორე ის, რაც მათ გააკეთეს საქართველოში, სასულიერო პირებმა და მათმა ხელმძღვანელობამ: პირდაპირ მიაყენეს ზარბაზნები და ბაგრატი დაანგრიეს. იცით რატომ?! ქართველმა ეპისკოპოსებმა, გელათის და ქუთაისის ქუთათელმა მიტროპოლიტებმა დოსითეოსმა და ექვთიმემ, საეკლესიო საგანძური არ მისცეს და არ გაატანეს რუსებს. ამის შემდეგ, დააპატიმრეს რუსებმა, ტომრებში ჩასვეს ასაკოვანი მოხუცი ადამიანები, რომელთაგან ერთ-ერთი სამხედრო გზაზე ანანურთან გარდაიცვალა და ანანურის ეკლესიაშია მისი საფლავი, მეორემ რაღაცნაირად ჩააღწია და იქ ჰყავდათ შინაპატიმრობაში. რუსეთის იმპერატორი რომ მივიდა მონასტერში, მასთან შეხვედრა მოითხოვა, და ქუთათელმა მიტროპოლიტმა მას პირში უთხრა, რომ შენი “ხელები სისხლით არის გასვრილიო”. დღემდე რუსეთშია მისი საფლავი. ჩვენი წმინდანები, დოსითეოს და ექვთიმე მიტროპოლიტები აწამეს და მოკლეს. ამ რუსეთს მისტირიან და ეს არის ერთმორწმუნეობა?! ფრესკები, რომ შეათეთრეს, ქართულად წირვა-ლოცვა, რომ აკრძალეს ეს არის მართლმადიდებლობა?! ჯერ მაშინ არ ყოფილან მართლმადიდებლები და კომუნისტების დროს იქნებოდნენ, ან პუტინის დროს?! კირილი არის მართლმადიდებელი?! ეს არის პროპაგანდა და სხვათა შორის, ამ პროპაგანდას საპატრიარქო ხელს უწყობს და ხალხის დიდი ნაწილი ამ გავლენის ქვეშ არის.

– როგორ შეაფასებთ, ერთმორწმუნე რუსეთის ომს უკრაინაში?!

– რუსეთის სამღვდელოება, ასობით ეპისკოპოსი გამოდის და პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას საშინელი სისასტიკისკენ და პირდაპირ აკურთხებენ საბრძოლო იარაღებს. სხვათა შორის, როცა თბილისში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, (გამსახურდიას დასამხობად სამხედრო წინააღმდეგობის პერიოდს ვგულისხმობ), კიტოვანის და იოსელიანის დროს, რომლებიც დაბანაკებულები იყვნენ ტელევიზიასთან (“ტელე-ბასტიონი”), კიტოვანი შეიარაღებული ხალხით იდგა იქ და ზარბაზნებიც ეყენათ, ერთი ზარბაზანი იყო პირდაპირ მთავრობის სასახლისკენ (დღევანდელი პარლამენტი) მიმართული და გაისროლეს კიდევაც, მაგრამ სხვა შენობას მოხვდა. არსებობს კადრები: საპატრიარქოდან გააგზავნილი სასულიერო პირები, მონაზვნები, ერთი ეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელი გალობით და ნაკურთხი წყლით მივიდნენ ამ ზარბაზანთან და ერთ-ერთი სასულიერო პირი ზარბაზნის ლულას აკურთხებს, რომელიც მთავრობის სასახლისკენ იყო მიმართული. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ იგივეს აკეთებენ ახლა რუსი სასულიერო პირები და კირილი გახლავთ მთავარი მომწოდებელი. გასაგებია, რომ ჯარი ჯარს ეომება, მაგრამ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, ბავშვის, ქალის დახოცვა და სისხლისღვრა, როგორ შეიძლება აკურთხო?! აქაური იერარქიას, რომლებიც თავიანთ თავებს ქრისტიანებს უწოდებენ, ეს არ აწუხებთ, ამას ვერ ხედავენ?! ისევ, რომ პრო-რუსული პოზიცია აქვთ! რა ნამუსით იხსენიებენ წირვის დროს კირილის სახელს?! პირდაპირ თანამონაწილეები ხდებიან იმ სისასტიკის, რისკენაც პუტინი მოუწოდებს მის ჯარებს. ყველა წირვაზე, სხვა პატრიარქებთან ერთად, ილია მეორეც იხსენიებს კირილის სახელს, ისე წირვა არ ტარდება.

– ერის და მრევლის მიმართ იერარქების ამგვარმა დამოკიდებულებამ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს?!

– ფაქტი ერთია, რომ ახლა საიუბილეო დღეებია, არის ერთი ქება-დიდება და ხოტბა პატრიარქისა, სულ ეს სიტყვები ტრიალებს. რეალურად, რომ შევხედოთ, დღევანდელი სასულიერო პირების უმრავლესობა, აბრკოლებს ახალ თაობას ეკლესიაში მისასვლელად. რადგან ახალი თაობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია სასულიერო იერარქიის, როგორც მსოფლმხედველობითი, ისე ზნეობრივი და რა თქმა უნდა სოციალური უპირატესობა, რომ ფეოდალური კასტა ჩამოყალიბდა რეალურად და ამის მიმართ მხოლოდ პროტესტია. რაღაც ფენა გაჩნდა, რომ ბევრად უკეთ ცხოვრობს ვიდრე, ჩვეულებრივი ხალხი და ეს ფენა დაახლოებულია პოლიტიკურ, თუ ბიზნეს ელიტასთან და სხვაგან არიან, სხვა რეალობაში ცხოვრობენ. ერთადერთი ამას ვერ ამჩნევენ, ის ჯგუფები, რომლებიც არიან ზომბირებული და მორჩილებაში, დანარჩენ ხალხში ეს იწვევს პროტესტს. მე სასულიერო პირი ვარ და ანაფორით დავდივარ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ, ვგრძნობ და ვხედავ ამ ყველაფერს, მათ რა იციან მე ვინ ვარ და რა პოზიცია მაქვს, ალბათ ყველას საპატრიარქოს სასულიერო პირი ვგონივარ. აგრესია და უკმაყოფილება, გაოცება და შიში აქვთ. სხვადასხვა ნიადაგზე ძალადობის ესკალაციის რამდენი ფაქტი გვაქვს სასულიერო პირების ხელშეწყობით?! ხალხი შეშინებულია და პროტესტი აქვთ.

– სასულიერო პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებამ, ანუ შიშმა, ერთი ფაქტი გამახსენა: ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარი როცა გაძარცვეს, მან თქვა: “ბიბლიაში წერია, რომ პოლიციას არ უნდა მიმართო”. გარდა ამისა, თავიც მოიწონა, რომ იარაღების კოლექცია აქვს და კრიმინალურ ავტორიტეტების მიმართაც პოზიტიური განწყობით არის. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო დააშორებს მრევლს ეკლესიას?!

– ტელევიზორში აჩვენებენ, მღვდელი, რომ იარაღების კოლექციას ალაგებს მაგიდაზე და თავს იწონებს, რას იფიქრებს ჩვეულებრივი ადამიანი, როცა სხვა მღვდელს დაინახავს?! არ იფიქრებს, რომ “ახალა ამას ანაფორის ქვეშ იარაღი არ ჰქონდესო?!” გაგიკვირდებათ?! რაც შეეხება ბიბლიის საკითხს, რაზეც მკითხეთ, ეს ამ სასულიერო პირის საეჭვო იდეებია, მსგავსი რამ ბიბლიაში არ წერია. ქრისტიანობა რა არის?! უანგარობა და უპოვარობა, ეს ორია ძირითადად. ჩვენთან პირიქით არის, ქადაგებენ უპოვარობას და თვითონ კომფორმისტები არიან. რუსეთში რევოლუცია რამ გამოიწვია?! გაჩნდა პრივილეგირებული და მდიდარი ფენა, რომელიც იწვევდა აგრესიას საზოგადოებაში. ახლა, რომ ამბობენ მართლმადიდებელი რუსეთიო, ეს მართლმადიდებელი რუსეთი რამდენიმე თვეში გახდა ათეისტური, ეკლესიების ნგრევა დაიწყეს და ქრისტიანების დახვრეტა. რატომ, რამ გამოიწვია ეს მოულოდნელი ტრანსფორმაცია?! გროვდებოდა, აკუმულირდებოდა, ეს უფსკრული იზრდებოდა და შედეგი დადგა ის, რაც დადგა. ქართველი სასულიერო პირები და თუნდაც პატრიარქი, საკუთარი ქონებით რომ იწონებს თავს, ესაა ქრისტიანობის ქადაგება?! ასე, თუ გაგრძელდა, უკურეაქციაც მოიმატებს აგრესიის სახით.

– ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა საზოგადოებაშიც, რეალურად, რომ განვმურატოთ ერს ქრისტეშობის არსი…

– არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა მიიღო გადაწყვეტილება ადამიანებთან ერთად ეცხოვრა და კაცობრიობის ბუნება მიიღო. გაიზარდა ადამიანებში, იყო სრული ღმერთი და ასევე, სრული ჩვეულებრივი ადამიანი, რაც ადამიანებისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ქრისტესთან ერთად ყოფნა გარკვეულ პასუხისმგებლობას ანიჭებს ადამიანს. ქრისტე ჯვარს აცვეს, აღდგა, ამაღლდა და მას არ მიუტოვებია ეს პლანეტა, ისევ აქ მყოფობს. როდესაც ქრისტეშობას ვდღესასწაულობთ, ჩვენ ამით ხაზს ვუსვამთ რას, რომ ღმერთი ჩვენთან ერთად მყოფობს და ჩვენ ეს გვიხარია, ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს, დოგმატური ფორმულირება ასეთია. ჩვენ ინერციულად ვდღესასწაულობთ საეკლესიო დღესასწაულებს, მაგრამ ვინ უღრმავდება?! ქრისტესთან ერთად მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრება შეიძლება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და კაცობრიობამ ყველაფერი გააკეთა ამ პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, რომ გაეძევებინა ქრისტე თავისი ცხოვრებიდან, როგორც საზოგადო, ისე პირადი ცხოვრებიდან. ჩვენ ვართ ნომინალური ქრისტიანები, სახელით, თორემ, ჩვენ ქრისტესთან ერთად რომ ვცხოვრობდეთ, მისი ერთგულები ვიქნებით, მისი მოძღვრების, მისი სწავლების და იმაზე არ ვიზრუნებთ, რომ ფუფუნებაში ვიცხოვროთ, ან იარაღების კოლექციები გვქონდეს, ეს ხომ სამარცხვინოა?! საერთოდ რაზეა საუბარი წარმოიდგინეთ! ამას უყურებს მილიონობით ადამიანი და რას იფიქრებს ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე… რამდენად დიდი უფსკრულია ჩვენსა და ქრისტეს შორის. ამაზე უნდა დაფიქრდეს ერიც და ბერიც! რეალურად რა ხდება?! მარადისობა შემოდის დროში, დროში იწყებს ცხოვრებს და ჩვენ ამ ყველაფრის უშუალო მონაწილეები ვართ. რელიგიური დანიშნულება, თითქოსდა, რელიგიური არსი ამ დღესასწაულის ძალიან მძიმედ გასააზრებელია, ძალიან რთულია ეს ყველაფერი ინდივიდუალურად თითოეული ჩვენთაგანისთვის. წარმოვიდგინოთ ვიზუალურად ექსპერიმენტის სახით, რომ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენს გვერდით არის პიროვნულად, ამას ვერ აიტან, ვერ იცხოვრებ, ძალიან მძიმეა, ან უნდა მოხვიდე შესაბამისობაში ქრისტიანობასთან, ქრისტეს მოძღვრებასთან, ანდა, უნდა გაიქცე სადღაც, დაიმალო. ეს არის კაცობრიობის პოზა, რომ არ უნდათ. “დიახ, ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, მაგრამ ის არ მონაწილეობს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში” – ეს არის თანამედროვე ადამიანის ფაბულა. არადა, მონაწილეობს, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მონაწილეობს, მას თავისი ზრუნვა თავის ქმნილებაზე არ შეუწყვეტია. ყოველწამიერად ზრუნავს ის თითოეულ ადამიანზე და ამ სამყაროზე. ამაზე უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ ის ხიდი, რომელიც ჩანგრეული იყო ღმერთსა და კაცობრიობას შორის, ღვთის მოწყალებითა და კაცთმოყვარებით აღდგენლია და კაცობრიობას, თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შანსი, რომ გახდეს ორგანული, ცოცხალი ნაწილი იმ კაცობრივი ბუნების სისავსისა, რომელიც ქრისტემ შეიერთა თავისი განკაცების, შობის დროს. ის რომელიმე ერთ პიროვნებაში კი არ განკაცებულა, მისი ადამიანური ბუნება შეადგენს მთელ კაცობრიობას ადამიდან დაწყებული, ოღონდ პოტენციურად, და აქტუალურად ეს რეალურად აღსრულდება, თუ ჩვენ ჩვენი ნებით შევუერთდებით უფალს და ვიქნებით ქრისტიანები ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი არჩევანით და ჩვენი ქმედებით. თანამოქმედებაში მოვიყვანთ ჩვენს პიროვნებას იმ ღვთაებრივ მოქმედებასთან, რაზეც ვისაუბრე.

– თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ერში რწმენა გაძლიერდეს და გამყარდეს, პირიქით, სუსტდება და ირყევა…

– რამდენიმე მიზეზია: პირველი ის, რომ ადამიანი მოდის ეკლესიაში და მისგან ითხოვენ მორჩილებას. თავიდან, ილუზია აქვს ადამიანს, რომ ის სასულიერო პირი, ვინც მისგან მორჩილებას ითხოვს, ჰგონია, რომ რაღაც აღმატებული იდუმალი სიღრმიდანაა, გადის დრო და რაც მეტად შედიხარ ახლო ურთიერთობაში, ხედავ, რომ ზნეობრივად შენზე უკეთ არ ცხოვრობს, ინტელექტუალურადაც შენზე ბევრად უკან დგას, მისი სწავლება და ყველაფერი საერთოდ. როცა თავიანთი ავტორიტეტი არ ჰყოფნით, მოუხმობენ ხოლმე პატრიარქის ავტორიტეტს, რატომ შემოვიდა ეს ტენდენცია, არასდროს არ იყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა. დამატებითი ავტორიტეტი თვითონ სასულიერო პირებმა შეუქმნეს ილია მეორეს განუწყვეტელი ქება-დიდებით, რატომ?! საკუთარი ავტორიტეტი არ ჰყოფნით დამატებითი ავტორიტეტი სჭირდებათ ისეთი რეიტინგული, რომ მის წინააღმდეგ ვერ წახვალ. როგორ პატრიარქზე მეტი იცი?! პატრიარქიც ერთსა და იმავეს ატრიალებს, რომ საქართველო გაბრწყინდება და ა.შ. ათწლეულების განმავლობაში, ახალი არაფერი, არანაირი ჩაღრმავება, არც ქრისტიანობაში, არც საკუთარ თავში, არანაირი პიროვნული მაგალითი, არანაირი სწავლება და ბოლოს რა ხდება?! რა თქმა უნდა, მიდის ეს იმედგაცრუებული ადამიანი ეკლესიიდან, ნომინალურად რჩება, მაგრამ ინტერესი დაკარგა, გაცივდა, ის აქტიური ფაზა გაიარა და მოსაწყენია. ეს ნომინალურობა მოიცავს გარეგნულად იმას, რომ რაღაც რიტუალს ვესწრებით, სანთელს ვანთებთ და ა.შ. ერთი ფაქტი გამახსენდა: XX საუკუნის დასაწყისში, რევოლუციამდელი რუსეთის იმპერიაში იცით, რომ წელიწადში ერთხელ ეზიარებოდნენ?! ეს იყო სავალდებულო, რადგან ეს ნიშნავდა ლოიალურობას იმპერიისადმი, იმპერატორისადმი, მეფისადმი და სინოდისადმი. რუსეთის მოქალაქე ვალდებული იყო ცნობა მიეტანა პოლიციის განყოფილებაში, რომელ დღეს ეზიარა და რომელ მღვდელთანაც ეზიარა ის აწერდა ხელს. მერე, არც ეზიარებოდნენ, რადგან სამი მანეთი ღირდა ეს ცნობა, რომელსაც მღვდელს გადაუხდიდი, ის კი ცნობას მოგცემდა. უფრო მეტიც, მღვდელი და ეპისკოპოსი ვალდებული იყო, თუკი აღსარებაზე მისულ ადამიანს რაიმე საეჭვოს შეამჩნევდნენ, დაესმინათ პოლიციაში და თუ არ დაასმენდნენ და ეს ამბავი გახმაურდებოდა, მაშინ ამ მღვდელს დააპატიმრებდნენ. XX საუკუნის 10-იან წლებში, მიხეილ ჯავახიშვილი პირდაპირ წერდა, რომ ეს მღვდლები დამსმენები არიანო და ამ ფაქტზე მიუთითებდა. და გგონიათ ეს მხოლოდ რუსეთში ხდებოდა?! დღეს, რომ თბილისის ქუჩებში გახვიდეთ, დარწმუნდებით, რომ ჩვენ ისევ რუსეთში ვართ…!

– საერო თუ საეკლესიო საზოგადოებაში, აქტიურად ტრიალებს ის აზრი, რომ შესაძლოა, პატრიარქი გადადგეს, ან გადააყენონ. როგორ ფიქრობთ, მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას?! (თუმცა, უნდა ითქვას, რომ შარშან გიორგობას, მას არ მისცა გარემოცვამ ამის უფლება)

– სანამ ცოცხალია, არა მგონია გადადგეს. გამორიცხულია! თვითონ, რომც მოინდომოს, გარემოცვა არ მისცემს ამის უფლებას, რადგან მისი გადადგომა იმდენ ცვლილებას და ნგრევას გამოიწვევს, რომ… იქ, ხომ მთელი სისტემაა უკვე ჩამოყალიბებული და იმ სისტემის დანგრევა, მის მესვეურებს არ აწყობთ, კატაკლიზმები დაიწყება, ამიტომ სანამ ცოცხალია იქნება და იქნება… მე ახლა არავისთან ურთიერთობა არ მაქვს და ინფორმაციასაც ნაკლებად ვფლობ, მაგრამ გარედან რასაც ვუყურებ და ვიცნობ რა, მის პიროვნებას, მისი გადადგომის აზრი რეალური არ მგონია. მისი პიროვნება უკვე ერთგვარი სიმბოლოა და ამ სიმბოლოს გარშემო ტრიალებს პოლიტიკაც და რელიგიაც. წარმოიდგინეთ, საპატრიარქოს მთავარი საყრდენი რომ გამოაცალო, კაცმა არ იცის რა მოხდება. ძირითადად იქ, იერარქიაში მედროვე ხალხია, თავის საქმეზე მისული ადამიანები. მისი საკადრო პოლიტიკა ყოველთვის ასეთი იყო, რომ მას რაღაც საკითხში სხვაგვარად მოაზროვნე პირად მტრად მიაჩნდა. ამიტომ, თქვენ მის გარშემო და მის მიერ დაწინაურებულებში მხოლოდ მის მეხოტბეებს, მლიქვნელებს, მადიდებლებს ნახავთ, რომლებიც რეალურად, კაცმა არ იცის, ვინ არიან და როდის რას გააკეთებენ და ასევე, ისეთებსაც, რომლებიც სანამ ილია მეორე ცოცხალია მის წინააღმდეგ არ წავლენ და ასევე დისკრედიტირებულ ხალხს, რომლებიც სიმართლეს ვერ ილაპარაკებენ, თორემ, მამალაძე ციხეში კვდება და ყველამ იცის, რომ პატრიარქის პირადი პატიმარია.

ავტორი: მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი: სოლედარისთვის ბრძოლები გრძელდება, მტერი დიდ ზარალს განიცდის
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი: “საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია… ისინი სხვა რეალობაში არიან”