პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია – ნიკა მელია

პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ Facebook Live-ის დროს განაცხადა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გუშინ სოციალურ ქსელში მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან დახსნის გზები და შესაძლებლობებიც განიხილა.

მისი თქმით, სწორედ ახლაა უდიდესი შანსი, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გზით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად.

“თუკი რამეს ამ პარტიის ნებისმიერი ლიდერი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს თქვენთან ერთად, ეს არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან. იქნება დეპუტატი პარლამენტში, თვითმმართველობის დონეზე თუ აქტიური მხარდამჭერი, არ მოისვენებს და ვერც გვექნება მოსვენების შესაძლებლობა, სანამ ეს ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება. მიმაჩნია, რომ ჩვენი მეგობრების აქტიური მხარდაჭერის გარეშე, ტყუილი არ უნდა გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან ისე, რომ გავთვალოთ ეს ყველაფერი მოკლევადიან პერსპექტივაში, არის ძალიან რთული. არსებობს რამდენიმე გამოსავალი: განგრძობადი, ხალხმრავალი აქციები, მეორე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა, მესამე თეორიული შესაძლებლობა არის ქალბატონ ზურაბიშვილის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რასაც ის არ აკეთებს. 5-6-7 დღე 100 000 ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო რუსთაველის გამზირზე, მაინც ციხეში ვიჯდებოდი, რომ არა მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს გარღვევისა”, – ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან 21 600 რუსი სამხედრო მოკლეს