პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების დასადგენად – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეებზე, ასევე სახალხო დამცველის მიერ არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიების მასალებზე წვდომის აუცილებლობაზე და სხვ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის აპარატის არაერთგზის საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმის მასალები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ომბუდსმენის აპარატს არ გააცნო. შესაბამისად, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მას მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს.

„მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად,” – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიგორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიახორავას ქუჩის საქმეში სახეზე იყო სამოხელეო დანაშაული – ომბუდსმენის ანგარიში