ხორავას ქუჩის საქმეში სახეზე იყო სამოხელეო დანაშაული – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩის საქმეში სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

როგორც ომბუდსმენის აპარატის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ხორავას ქუჩის საქმის მასალების სრულად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვებიც მოისმინა და მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს.

„ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით. რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები გამოძიებამ მთავარი მოქმედი პირების მიმართ, რომელიც, მეორე მხრივ, ჩაატარა სხვა პირების და მათ შორის, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედი პირების მიმართ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმეზე სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად,“ – ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, ამ მიმართებით გამოძიების დაწყება, ანგარიშში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების დასადგენად – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან