პარლამენტმა ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით რამდენიმე ძირითადი საკვანძო საკითხი გამოიყო.

„ეს საკითხებია გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება და კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც შესაბამისობაში იქნება სტამბოლის კონვენციასთან. შეხვედრაზე, ასევე, განისაზღვრა სამოქმედო გეგმა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი პრიორიტეტი და აქცენტები გამოიკვეთა და ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთო აზრი შეთანხმებულია.

„მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინკლუზიურობის ხარისხი იყოს მაღალი. პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოვისმინოთ რა შეიძლება იყოს მთავარი მოლოდინები და მთავარი განწყობები საზოგადოებაში ამ საკითხების ირგვლივ. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან მათი პოზიციების დასაფიქსირებლად“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისად ვისვენებ? აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან – გოცირიძე
შემდეგი სტატიამოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია, ვინაიდან, უცხოელმა ექსპერტებმა მოგვთხოვეს – ადვოკატი