სად ვისვენებ? აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან – გოცირიძე

თურმე პარლამენტის რიგგარეშე სესია რომ მოვიწვიოთ, სანახაობად გადაიქცევა – სანახაობაზე მეტია “ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მასთან დაკავშირებით “ქარული ოცნების“ განმარტებები არასერიოზულია.

მისივე თქმით, თუ სხდომა კვორუმის არქონის გამო ჩაიშლება, ამაზე პასუხისმგებლობა როგორ ამომრჩევლის, ასევე დასავლელი პარტნიორების წინაშე “ქართული ოცნების“ უმრავლესობას დაეკისრება.

“საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დაწყებას. არის კიდევ ერთი სულელური განცხადება: – თურმე რატომ უნდა მოიწვიონ სხდომა, როცა ოპოზიცია სადღაც ისვენებს… სად ვისვენებ, აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან. გამოიტანონ განსახილველად საკითხები, რაც კენჭისყრას საჭიროებს და გადადგან ერთი ნაბიჯი რეკომენდაციების შესრულების დასაჩქარებლად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა – კულება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა დაიწყო