პაკისტანში დააკავეს ავღანელი ქალი, რომლის ფოტო 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე გამოქვეყნდა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში დააკავეს ავღანელი ქალი, რომლის ფოტო ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე 1985 წელს გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აღნიშნული ფოტო ჟურნალის არსებობის განმავლობაში ყველაზე ცნობილი გახდა.

შარბათ გულა, რომელიც ამჟამად 40 წლის არის, პაკისტანში საბუთების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი. პაკისტანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ავღანელი ქალი ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით არალეგალურად ცხოვრობს. პაკისტანის პასპორტები ასევე აღმოაჩნდა ორ მამაკაცს, რომლებიც საკუთარ თავს შარბათ გულას შვილებს უწოდებენ.

თუ ქალის დანაშაული დაუმტკიცდება, მას 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა ემუქრება.

შარბათ გულას ფოტო ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე 1985 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ის 12 წლის იყო. ცნობილი სურათი ამერიკელმა ფოტორეპორტიორმა სტივ მაკარიმ პაკისტანის საზღვართან მდებარე ავღანელი ლტოლვილების ბანაკში გადაიღო. ზოგიერთმა კრიტიკოსმა ფოტოპორტრეტს ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას შეადარა.

ჟურნალის ყდაზე გამოქევყნებული გოგონას ვინაობის დადგენა მხოლოდ 2002 წელს გახდა შესაძლებელი, როდესაც National Geographic-ის ჯგუფი ავღანეთში სპეციალურად მის მოსაძებნად ჩავიდა. მაშინ მაკარიმ ქალს კიდევ ერთი ფოტოპორტრეტი გადაუღო.

banner
წინა სტატიაში“ძალიან იაფად იყიდება ეს ხალხი და მგონი ოცნება არც იყიდის”
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ნარკომან კახა ძაგანიას, ჩუღურეთის რაიონში კაცი ჰყავს მოკლული