საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებას, მხარი არ დაუჭირონ რუსულ კანონს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებას, მხარი არ დაუჭირონ რუსულ კანონს.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას და წუხილს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი აღრმავებს პოლარიზაციას და მიმართულია, როგორც ქვეყნის შიდა დემოკრატიული განვითარების, ისე ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსის – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ.

უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მონათვლა შეურაცხყოფს ჩვენს ღირსებას, ზიანს აყენებს საერთაშორისო – სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს ხანგრძლივი და სასიცოცხლო თანამშრომლობის ისტორიას და საფრთხეს უქმნის მიმდინარე პროგრესს, რომელიც ქვეყნის ყველა დარგს მოიცავს.

საგანგაშოა ძალადობრივი და რეპუტაციის შემლახავი რიტორიკა ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორის მიმართ, ვინც, ათწლეულებია, საქართველოს გვერდში უდგას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს შენარჩუნების, ენერგეტიკის განვითარების, კეთილდღეობის ამაღლების და სახელმწიფო აღმშენებლობის საქმეში.

შემოთავაზებული კანონპროექტი არ ემსახურება მის გაცხადებულ მიზანს – გამჭვირვალობას. ის აზიანებს და განადგურების საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, მასში არსებული უმძიმესი, ღირსების შემლახავი, სტიგმის გამო.

პლატფორმის წევრები კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი აქციის დაშლისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გაუფრთხილებლად და პროპორციულობის ტესტის მიღმა სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს, ისევე როგორც ძალის გადამეტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას. მოვუწოდებთ საქართველოს საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს არ გასცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს და უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გამყარებული უფლებებით სარგებლობაში.

ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრები, ვიზიარებთ რა ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალ მიზნებს, მივმართავთ და მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტის წევრებს: მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ – ანტიკონსტიტუციურ და ანტი-ევროპულ კანონპროექტს; შეწყდეს რიტორიკა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფა-დაპირისპირებას, რაც, ისტორიული გამოცდილებით, უმძიმესი შედეგების მომტანია; დაუყოვნებლივ გაგრძელდეს აქტიურად მუშაობა ევროკავშირის 9 პირობის შესრულებაზე; შეწყდეს ევროპული ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, რათა ქვეყნისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა შესაძლებელი გახდეს და არ მოხდეს უკვე მიღწეული პროგრესის დაკარგვა; უზრუნველყოფილ იქნას, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არის მიუღებელი – კოოპმანი
შემდეგი სტატიაგიორგი ჩაკვეტაძე-“გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო!”