პაციენტების დაღუპვის საგანგაშო ფაქტები და დაუსჯელი ექიმები – რატომ არ რეაგირებს პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრი

რატომ არ რეაგირებს ჯანდაცვის მინისტრი პაციენტების დაღუპვის შემთხვევებზე, რომლებშიც ექიმების ბრალეულობა იკვეთება? – რატომაა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ექიმებისადმი დაწესებული სანქციები არაადეკვატურად რბილი პაციენტების დაღუპვის საგანგაშო სტატისტიკის ფონზე? ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის ფაქტებს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და სააგენტო მაქსიმუმ ლიცენზიის რამდემიმეთვიანი შეჩერებით შემოიფარგლა (მაგალითად, ორი ექიმისადმი სანქციების დაწესებით შემოიფარგლა სააგენტო 2014 წლის ივლისში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარის გარდაცვალების გახმაურებული ფაქტის გამოძიების შედეგად)

ბუნებრივია, სახელმწიფოს მიზანი ექიმების „ციხეში გაშვება“ არ უნდა იყოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფოს ლოიალური მიდგომებით კიდევ უფრო მეტი პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, რადგან როდესაც ექიმებს არ აქვთ მკაცრი სასჯელის შიში და იციან, რომ ყველაზე მძიმე შემთხვევაშიც კი მხოლოდ ლიცენზიის სამთვიანი შეჩერება ემუქრებათ, ისინი შესაძლოა ნაკლები სიფრთხილით მოეკიდონ პაციენტების მკურნალობას.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რამდენიმე წევრმა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ სააგენტოს წევრები უფთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ.

ყოველგვარი დემაგოგიის გარეშე უნდა ითქვას, რომ ასეთი „კოლეგიალობა“ პაციენტებს შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეთ.

სააგენტოს წევრები ამბობენ, რომ სააგენტოს მიერ განხილული შემთხვევების 80%–ში ექიმების ბრალეულობა დასტურდება, თუმცა „პროფესიული სოლიდარობის“ გამო ასეთი ექიმები ფაქტობრივად დაუსჯელები რჩებიან და რამდენიმე თვეში უპრობლემოდ აგრძელებენ პაციენტების მკურნალობას.

განსაკუთრებით საგანგაშოა იმ კლინიკაში არსებული ვითარება, სადაც ბავშვებს მკურნალობენ.

იმ კლინიკის ექიმები, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ამცნობს საზოგადოებას ლონდონის ბირჟაზე მისი აქციებით ვაჭრობის შედეგებს, აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მათი მუშაობის სატანადო პირობები არ არსებობს, რის გამოც არ სრულდება სამედიცინო მომსახურების სტანდარტები. რაც ბუნებრივია, პაციენტების უკმაყოფილებას იწვევს.

პროტესტი ამ კლინიკისადმი აქტიურად ისმის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ. თუმცა, ამ მაღალი ინტერესის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი განმარტებების გაკეთებასა და სიტუაციაში ჩარევს საჭიროდ მაინც არ თვლის.

 

წყარო: commersant.ge

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: უმრავლესობაში ჩვენი ხელისუფლების გუბერნატორი, პოლიციის უფროსი, უშიშროების თანამშრომელი გყავთ
შემდეგი სტატიაირანიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება