პაატა დავითაია: „ოქრუაშვილის განაჩენით „ოცნებამ“ დასავლეთი გადააგდო“

ირაკლი ოქრუაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ძვირი დაუჯდეს. განაჩენის გამოტანის მეორე დღესვე საქართველოში აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა საგანგებო განცხადებები გაავრცელეს. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ მალე საგანგებო განცხადებებს ამერიკელი სენატორები და ევროპელი პოლიტიკოსებიც გააკეთებენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ გავრილოვის პატიმრის გათავისუფლება მოუწევს.

რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში ხელისუფლებამ და რა მოხდება, თუ არ გაათავისუფლებენ გავრილოვის პატიმარს? – ამის შესახებ პაატა დავითაია გვესაუბრება.

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს– სასამართლომ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს გავრილოვის ღამის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მეორე დღესვე,  14 აპრილს, საქართველოში აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა საგანგებო განცხადებები გაავრცელეს, სადაც ოქრუაშვილის უდანაშაულობაზე საუბარი. რაზე მიუთითებს ეს?

-დღეს 20 ივნისის საქმეზე ჩვენ მხოლოდ ერთი პატიმარი გვყავს, ეს ირაკლი ოქრუაშვილია. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ყველამ ვიცით, თუ როგორ შეფასდა 20 ივნისი მოვლენები ჩვენი დასავლელი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების და უფლებადამცველების მხრიდან. ამ ფონზე ჩვენ მაინც მივიღეთ პატიმარი, რომელიც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.  სანამ ეს განაჩენი დადგებოდა,. დასავლეთის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიდიოდა მოლაპარაკება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ მოლაპარაკებების იყო ოქრუაშვილის გათავისუფლება. შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელი მეც მოვაწერე, არ იყო ნათქვამი გვარები.

– დღეს ხელისუფლება მაგაზე აპელირებს და აცხადებს, რომ არსად არ წერია გვარები.

– შეთანხმების ტექსტში  გვარები არ წერია, მაგრამ ცალსახად ჩანდა თუ ვისზე იყო საუბარი. იქ საუბარი იყო თამლიანზე, უგულავაზე და ოქრუაშვილზე. მოხდა ისე რომ უგულავას და ოქრუაშვილის გარდა, დღეს ყველა გარეთაა. თუ არ ვცდები 30-მდე ადამიანი გამოუშვეს ციხიდან, რომლებიც 20 ივნისის საქმეზე იყვნენ დაკავებული.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე არაერთხელ გაიჟღერა ირაკლის გვარმა. სამწუხაროდ ხელისუფლებამ შეთანხმების დაარღვია და მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს ნათლად გამოჩნდა განცხადებაში, რომელიც გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ. სადაც ხაზგასმით არის მისი გვარი ნახსენები. განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც.  მე ახლა გეტყვით რატომ გაკეთდა ასეთი განცხადებები. პოლიტპატიმრები რომ გათავისუფლდებოდნენ ამაზე დიპლომატებმაც აიღეს პასუხისმგებლობა. ახლა ისინი თავს იმედგაცრუებულად გრძნობენ.

მინდა ექსკლუზიურად გითხრათ რომ ახლო მომავალში ამერიკელი პოლიტიკოსები მათ შორის სენატორები გააკეთებენ ოქრიაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს. განცხადებებს გააკეთებენ ევროპელი პოლიტიკოსებიც. მერწმუნეთ, ეს ძალიან ცუდად აისახება ხელისუფლებაზე. ყველა გაიგებს რომ „ქართული ოცნება“ მსოფლიო პანდემიას პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებისთვის იყენებს.ამიტომ მოვუწოდებ საქართაველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

-რა ვალდებულებებზეა საუბარი? ამას ბოლომდე არავინ ახმაურებს.

– შიდა საუბრების გახმაურება არ მინდა. ხელმოწერილი ტექსტის უკან რაც დგას, ყველამ კარგად იცის.   „ოცნებამ“ კეთილი ინებოს  და შეასრულოს ვალდებულებები. თუ ეს არ მოხდა. მძიმე განცხადებებს მოვისმენთ დასავლეთიდან. ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს და არ დააყენოს სახელმწიფო კრიტიკის ქვეშ.

– რა უნდა ქნას ხელისუფლება? არის ვარაუდი რომ სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ ოქრუაშვილს.

– მე არ შევდივარ ტექნიკურ და სამართლებრივ მხარეში. მარტივი მიზეზია. არსებობს ბერკეტები და შეუძლიათ მათი ამოქმედება. მთავარია ნაკისრი ვალდებულება შესრულდეს.

– თუ ასეთი შეთანხმება მართლაც არსებობს და თქვენ ამბობთ, რომ არსებობს, რატომ გადადგა ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯი და რატომ მიუსაჯეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს 5 წელი?

-ახლა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. საელჩოების განაცხადებში ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ირაკლი უდანაშაულოა. თქვენ ვერ გამახსენებთ შემთხვევას, რომ აშშ-ს საელჩომ ხაზგასმით აღნიშნა კონკრეტული ადამიანის გვარი. ზოგადი განცხადებები ხშირად ყოფილა, მაგრამ გვარებს არ ახსენებენ ხოლმე. საგანგებოდ არის ნახსენები ოქრუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაშიც. დიპლომატიურმა კორპუსმა თავს გადაგდებულად გრძნობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი – მათ აიღეს პასუხიმგებლობა, რომ მოხდებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასე რომ 13 აპრილის განაჩენს ასე არ გაატარებენ.  ახალი წერილების კასკადს უნდა ველოდოთ მანამ, სანამ არ მოხდება „გამარჯვებული საქართველოს“ გათავისუფლება“

– ეს როგორ უნდა მოხდეს. არის შეწყალების ვერსიაც, გკითხეთ, მაგრამ ამაზე  არ მიპასუხეთ.

– ირაკლის გათავისუფლების  მექანიზმი ვიცი, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ. მე თუ ვიცი, ხელისუფლებამ იცის და იმოქმედონ როგორც საჭიროა. ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს. მე გითხარით, თუ რატომ არიან აქტიურები საელჩოები. ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, რადგანაც მოლაპარაკებების შუამავლები იყვნენ და ეს განაჩენი არის მათი და მთლიანად დასავლეთის გადაგდება. ეს საელჩოები ხომ თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიანაკლიის საკარანტინო ზონა დატოვეს პირებმა, რომლებიც „სპორტსმენის კლასტერს“ წარმოადგენენ
შემდეგი სტატიაზუგდიდში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს