პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის უჩივის და 25 000 ლარს ითხოვს

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი საჯარო ცილისწამებისთვის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და აცხადებს, რომ დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შესული თანხების მოპარვაში საჯაროდ დასდო ბრალი, ცილისწამება და „ბინძური პიარკამპანიის“ ნაწილია.

„აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები ნაწილია იმ ბინძური პიარკამპანიისა, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ და მიმართულია მისი, როგორც საყოველთაოდ ცნობილი არტისტისა და საჯარო პირის დისკრედიტაციისაკენ.

პაატა ბურჭულაძე სასამართლოს მიმართავს თავისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად და მოითხოვს, სასამართლომ დაავალოს კობა დავითაშვილს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და დააკისროს მას მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით, რასაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ გადარიცხავს“, – ნათქვამია ადვოკატ მარიამ ჩიქოვანის განცხადებაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით დღეს 15:00 საათზე მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე „დაკავებები კიდევ იქნება“
შემდეგი სტატიაჩერნოვეცკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს