პაატა ბაირახტარი – არ ველოდები, რომ მიმდინარე პროცესები „თიბისი ბანკს“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის

ექსპერტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს საფინანსო ინსტიტუტზე საუბრისას ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

ამასთან, მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესი „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ არ არის მიმართული და შესაბამისად, ბანკისა და მისი კლიენტებისთვის პრობლემების შექმნა მოსალოდნელი არ არის.

ექსპერტის შეფასებით, გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე გარკვეულ გადაცდომებს ადგილი აქვს, თუმცა გაუგებარია, ეროვნულ ბანკს ამ პერიოდის განმავლობაში რეაგირება რატომ არ ჰქონდა.

„თუ დავეყრდნობით ეროვნული ბანკის განცხადებას და მოვიშველიებთ მონაცემებს, „თიბისი ბანკი“ საკმაოდ მაღალ კვალიფიციური საკრედიტო ორგანიზაციაა, აქვს მაღალი ლიკვიდობა, საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური ნორმა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. ერთი მხრივ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც საჯაროა და, რაზეც ხელი მიგვიწვდება, ბანკის მხრიდან გარკვეული გადაცდომები ცალსახად იკვეთება. აქ საუბარია 2008 წელზე. მეორე მხრივ, ამავე პერიოდში ეროვნულ ბანკს შესწავლილი აქვს ეს საკითხი და ამ პერიოდში მათ ხმა არ ამოუღიათ, მრავალი წელი გავიდა და ეროვნულ ბანკს ისევ არ ამოუღია ხმა. ამის შემდეგ „თიბისი ბანკში“ შევიდა არაერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, შეამოწმეს „თიბისი ბანკი“ და არავის უპოვია დარღვევა. რთულია თქმა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი. გარკვეულ გადაცდომებს ადგილი აქვს. გაუგებარია, რატომ გახდა დღეს აქტუალური, ჭორებს ვერ დავეყრდნობი და არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მსურს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მაინცდამაინც ქრონოლოგიურად და სინქრონში არ ვითარდება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს საფინანსო ინსტიტუტზე, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ყველას, იქნებიან ეს სახელმწიფო თუ რიგითი ექსპერტები. ნებისმიერი პროცესის განვითარებას ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა ბაირახტარმა.

ამასთან, მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დაეცა, თუმცა ექსპერტი არ ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესმა ბანკს რამე სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

„არ ველოდები, რომ აღნიშნული პროცესები „თიბისი ბანკს“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. თუ დავაკვირდებით, პროცესები ბანკის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა პოზიტიური ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი. „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი თითქმის 7 პროცენტით დაეცა ბირჟაზე. გარკვეულწილად, ეს ამ პროცესებსაც უკავშირდება, თუმცა არ ველოდები, რომ თვითონ ბანკს, მეანაბრეებს, ბანკის კლიენტებს ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემა შეუქმნას“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა