ოთარ შარიქაძე : მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ვხედავთ ღიაობას აზრთა გაცვლასთან დაკავშირებით

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 14, 2020 11:14

ოთარ შარიქაძე : მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ვხედავთ ღიაობას აზრთა გაცვლასთან დაკავშირებით

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ვხედავთ ღიაობას აზრთა გაცვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საბანკო და საინვესტიციო აქტივების კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.
როგორც ოთარ შარიქაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ის რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რათა წაახალისოს წარმოება ქვეყანაში და ასევე მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.
„მივესალმები ამ ტიპის შეხვედრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მთავრობასა და კერძო სექტორს შორის იყოს ღია კომუნიკაცია. დღეს შედგა მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, სადაც უცხოელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი. განხილული იყო ბევრი სექტორი და ის რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რომ წაახალისოს წარმოება ქვეყანაში და ასევე მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. ამ ეტაპზე იყო ძალიან ბევრი იდეის გაცვლა. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, რადგან ვხედავთ ღიაობას აზრთა გაცვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ.
მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 14, 2020 11:14