ოთარ გრიგოლია – სახელმწიფო საკუთრების უკანონო მიტაცებას ჩვენ ვერ წავახალისებთ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, აფრიკაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟს გამოეხმაურა და განმარტა, რომ შენობები, რომელთა დემონტაჟიც განხორციელდა მშენებარე იყო და შესაბამისად, იქ არავინ ცხოვრობდა.

მისივე თქმით, საცხოვრისის პრობლემის მოგვარების კუთხით, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს და საცხოვრებელი ფართები ათასობით ადამიანს დაუკანონდა.

„თუმცა, სახელმწიფო საკუთრების უკანონო მიტაცებას ჩვენ ვერ წავახალისებთ. ფაქტია, ბოლო წლების მანძილზე, მოქალაქეებმა, რომელთაგან ზოგიერთს სხვის სახელზე გაფორმებული, ან რეგიონებში არსებული უძრავი ქონებაც უფიქსირდებათ, თბილისში მიწების დატაცება დაიწყეს და აღნიშნულ მიწებზე უკანონო მშენებლობები განახორციელეს. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. ერთის მხრივ მიწების დატაცება, ხოლო მეორეს მხრივ უკანონო მშენებლობის განხორციელება კანონით დასჯადი ქმედებებია. სახელმწიფოს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ადამიანმა ეს არ გაითვალისწინა და დღეს აღნიშნული უკანონო მშენებლობების დემონტაჟი გვიწევს,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, იმათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა და მათი ბინის ქირით დაკმაყოფილება ხდება. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების ქაოტურად დატაცება და უკანონო მშენებლობების განხორციელება არ მოხდება.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – კარგი იქნება, გრიგოლ ვაშაძემ მეტი განმარტება გააკეთოს
შემდეგი სტატიარევაზ სოხაძე – ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანები სჩადიან დანაშაულს