რევაზ სოხაძე – ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანები სჩადიან დანაშაულს

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანები სჩადიან დანაშაულს. ხდება სახელმწიფო მიწის უკანონოდ დატაცება, რაც მიუღებელია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში, რეაგირება ხდება მუდმივად. სანამ დემონტაჟი განხორციელდება, უკანონო შენობების მეპატრონეებს აფრთხილებენ, გონივრულ ვადას აძლევენ, რომ თავად მოახდინონ დემონტაჟი, შემდეგი ეტაპია დაჯარიმება და ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი უკვე თავად აწარმოებს დემონტაჟს“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ.

მისივე განცხადებით, ამ შენობების 90% დაკეტილია, იქ არავინ ცხოვრობს და დაკავებულია თავის მიწასთან ერთად, იმ იმედით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ტერიტორიებს სახელმწიფო დააკანონებს.

„ეს არასწორი მოლიდინია. არ შეიძლება საზოგადოების ერთი ნაწილი კანონიერი გზით ყიდულობდეს ქონებას, ხოლო მეორე ნაწილი უბრალოდ მიტაცების გზით ახერხებდეს ამას. ალბათ, არის რაღაც ჯგუფი, ვისაც ბიზნესად აქვს ქცეული ეს საქმიანობა. ეს სახლები უმეტესად ერთ ღამეში აშენებულია. აქ არის კიდევ ერთი საფრთხე. მშენებლობები ყოველგვარი სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, სახლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არავინაა. ყოფილა შემთხვევები, რომ ასე აშენებული სახლები ქარსაც კი დაუზიანებია და დაუნგრევია“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიოთარ გრიგოლია – სახელმწიფო საკუთრების უკანონო მიტაცებას ჩვენ ვერ წავახალისებთ
შემდეგი სტატიააფრიკის დასახლებაში დაკავებული 12-დან 11 ადამიანი გაათავისუფლეს