ხვიჩია – კარგი იქნება, გრიგოლ ვაშაძემ მეტი განმარტება გააკეთოს

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 19:24

ხვიჩია – კარგი იქნება, გრიგოლ ვაშაძემ მეტი განმარტება გააკეთოს

ფაქტობრივად, „ნაცების“ და „ქოცების“ ბრძოლას, ზოგადად იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ისე ვერ ჩაატარა, კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო, ეწირება ბევრი ადამიანი და ბევრი პოლიტიკური პარტია, არა მხოლოდ პარტია, არამედ ლიდერებიც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძე პრობლემების შესახებ თავად ისაუბრებს.

„ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც ასეთი ტიპის ბრძოლას შეიძლება შეეწიროს ერთი ადამიანი, ოღონდ მე ამას ვერ ვამბობ გარანტირებული სახით, რადგან ზოგადი ინფორმაცია ვიცი. ჩემი აზრით, კარგი იქნება, ბატონი გრიგოლი თვითონ გამოდიოდეს და საუბრობდეს ამ პრობლემების შესახებ, რადგან, წარმოიდგინეთ, თუ პარტიის თავმჯდომარე ამ ნაბიჯს დგამს, ხომ ხვდებით, რომ მისი აზრით ძალიან შავდება. ეს დაშავება უკავშირდება ზოგადად ქვეყნის ბედს.

რაღაცნაირად, ისეთი თემაა, კი ბატონო, შენ შეგიძლია, ინდივიდუალური გადაწყვეტილებით საკუთარი თავი გადაირჩინო, მორალურად დაიმშვიდო თავი, რომ არ მიიღე მონაწილეობა რაღაცაში, რომელსაც ფუნდამენტურად არ ეთანხმებოდი, ელჩების კრიტიკა და ა.შ. მთელი ეს ამბავი რაც იყო. ამავდროულად, ჩემი აზრით, არსებობს ვალდებულება, რომ დანარჩენ შენს თანამებრძოლებს, გინდა, შენს საკუთარ პარტიაში, გინდა, ოპოზიციაში აუხსნა, რატომ გგონია სწორი როგორც იქცევი, ის საფრთხეები წარმოადგინო, რომელიც შენ დაინახე და ამიტომ გადადგი ის ნაბიჯი, რაც გადადგი. ბატონი გრიგოლი ამას შემთხვევით ხომ არ იზამდა, მესმის, საფრთხე არსებობს, შენი სახელით მთელ მსოფლიოს რომ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს კარგი არ არის და მისგან, როგორც დიპლომატისგან, ჩემი აზრით, საინტერესოც იქნებოდა ამის დეტალური ახსნა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას აზრით, გიორგი ვაშაძემ მეტი განმარტება უნდა გააკეთოს.

„რა თქმა უნდა, მე როგორ გავაკეთო აბა. ჩემს პარტიაშიც დაახლოებით იგივე პრობლემაა, ლიდერი წავიდა ცოტა ხნის წინ. ანუ, მე რომ სხვა პარტიის კრიტიკა დავიწყო, შეიძლება, ზუსტად აქეთ მიპასუხონ, მაგრამ ამ წუთას ეს არაფერ შუაშია.

ამ წუთას მინიმუმ მიზეზია გასაგები, რა განაპირობებდა ამას, რა დაინახა ისეთი საფრთხე, ეს კონფლიქტი არ ეხება ხომ პირად მიზეზებს, ეს ეხება პოლიტიკურ ნაწილს. მგონია, რომ მას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ ერთობას ხელს შეუშლის ის, თუ სამომავლო გეგმებზე არ ისაუბრებენ.

„ოპოზიციურ ერთობას თუ რამე შეუშლის ხელს, არის ის, რომ ოპოზიციურმა ერთობამ არ თქვას თავისი სამომავლო გეგმები. ხალხს ეუბნები, რომ არ შევდივარ პარლამენტში, უარს ვამბობ მანდატებზე, მაგრამ არ ეუბნები, მერე რას აპირებ. მერე შენი ბრძოლა რომ აღმოჩნდეს წარუმატებელი, ხალხმა ჩათვალოს, რომ ეს არ იყო სწორი, წინასწარ რომ გვქონოდა ნათქვამი და გვეფიქრა, იქნებ, სხვანაირად მოვქცეულიყავით. ჩემი აზრით, ეს ეტაპი გასავლელი გვაქვს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბოიკოტში წავალთ, არ წავალთ, რასაც ვიზამთ, გასავლელი გვაქვს ეტაპი, რას ვშვებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის ბრძოლაზე გადავდივართ. ანუ – არ ვცნობთ ამ არჩევნებს, მარტო „ქართული ოცნება“ ზის, მოდის ახალი არჩევნები, მერე კიდევ ახალი, რომელიც იგივე, ძველი ადმინისტრაციით ტარდება, სანამ რამეს გააკეთებ, ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხია გასაცემი.

ვფიქრობთ, რომ ჩვენ ლაპარაკის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და კარგად მოვიფიქროთ, გავიაზროთ, როგორ შევდივართ ბოიკოტზე, რომ ის მართლა ბოიკოტი იყოს, თორემ მე ხომ ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს, ეს იმ არჩევნების არცნობა გამოდის, რომლის შედეგებიც არ მოგეწონა. მე მართლა ბოიკოტი მინდა, თუ ბოიკოტზე მივდივართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 19:24

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics