ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს იწყებენ

„თაიმერის“ ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძის უწყებასთან, აქციებს იწყებს ოპერისა და ბალეტის თეატრის თითქმის მთელი შემადგნელობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქციას მხოლოდ ორი-სამი თანამშრომელი არ ურთდება. აქციის მონაწილეები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაყენებას მოითხოვენ, რომელსაც თეატრის თანამშრომლები „უნიათო ხელმძღვანელს“ უწოდებენ და პირადი საუბრის დროს იმასაც აღნიშნავენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, მინისტრმა გიორგაძემ მათ პირობა მისცა, რომ კინწურაშვილის პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ დავით კინწურაშვილი დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

მათივე ინფორმაციით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მას მფარველები სწორედ სამინისტროში ჰყავს. გარდა ამისა, თეატრის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ის არჩევნები, როცა დავით კინწურაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელად აირჩიეს, დემოკრატიულად არ ჩატარებულა. დასი იმასაც აპროტესტებს, რომ კინწურაშვილი გადაწყვეტილებებს ერთპიროვულად იღებს.

„თეატრის გახსნას ექვსი წელი ველოდით. როგორც იქნა, თეატრი გაიხსნა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, კინწურაშვილმა მხოლოდ სამი ძველი სპექტაკლი აღადგინა და ერთიც ახალი დადგა. არადა, „სამოსელი პირველი“ ოპერისა და ბალეტის შესაფერისი სპექტაკლი არაა და სხვა თეატრში უნდა დადგმულიყო,“ – ამბობენ პირადი საუბრის დროს თეატრის თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათ პროტესტს უცხოეთში მოღვაწე ყველა ქართველი ვარსკვლავი იზიარებს, ანიტა რაჭველიშვილიდან დაწყებული, თამარ ივერით დამთავრებული.

„თაიმერმა“ ისიც გაარკვია, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ იქნება და ოპერისა და ბალეტის თეატრის თანშრომლების პროტესტი, თუ მათი მოთხოვნა არ დაგკმაყოფილდება, პერმანენტულ სახეს მიიღებს.
„თაიმერი“ ოპერის თეატრში მიმდინარე პროცესებს თვალს მიადევნებს და მოგვიანებით, ვრცელ წერილსაც შემოგთავაზებთ.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელოვანები კულტურის სამინისტროსგან გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ, თუმცა როგორც დაკვირვება ცხადყოფს, მიხეილ გიორგაძეს დღემდე ხელოვანთა ერთი მოთხოვნაც არ გაუთვალისწინებია. ვნახოთ, რა მოხდება ამ შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაში(video) ტერაქტის დროს მოტოციკლისტი ხალხისკენ მიმავალი სატვირთოს კარების გაღებას შეეცადა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ქ. ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს