,,ოხანაშვილი და მის გარშემო არსებული წრე, ლოიალური არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მიმართ”

ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ მივეცი ხმა, რაც ჩემი მხრიდან აბსოლუტურად ლოგიკურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტი ახლა სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით საკვანძო კომიტეტია, სადაც უნდა გადაწყდეს, როგორ წარიმართება პარლამენტში უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია. მიმაჩნდა, რომ ამ პროცესის სანდოობისთვის უპრიანი იქნებოდა ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა. ეს საკითხი უმრავლესობაზე დავაყენე და მის კანდიდატურას კენჭი არ ეყარა. ვფიქრობ, სწორი იქნებოდა, უმრავლესობაზე შევთანხმებულიყავით პროცედურაზე, რათა ყოფილიყო ორივე კანდიდატურა. ეს იქნებოდა შიდაპარტიული დემოკრატიის მაჩვენებელი, ცივილიზებული პარტიისთვის დამახასიათებელი პროცესი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილი და ის წრე, რომელიც მის გარშემოა, ლოიალური არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მიმართ.

„იმ პროცესის მიმართ არიან ლოიალურები, რომელიც ყოვლად არაჯანსაღად მიდის. მეტი ობიექტურობისთვის სასურველი იქნებოდა ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა. თუ ის არ უნდოდათ, არიან პარლამენტში სხვა ნეიტრალური ადამიანები, ვინც შეიძლებოდა, რომ შერჩეულიყო.

გარიცხვაზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე კენჭისყრაზე, ახლა პარტიამ გადაწყვიტოს. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ შევარჩიეთ არასწორი ადამიანი არასწორი წესით. არასწორი განცხადება გააკეთა პარტიამ და პოლიტსაბჭომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე. რასაც დაუჭირა მხარი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. სრულებით მიუღებელია სასამართლოს თემებზე საუბარი მარტო პარტიის ოფისში. ამაზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან ერთად და გადაწყვეტილებებიც ასე უნდა მივიღოთ. ეს არის პროცედურები, ვიქნები თუ არა უმრავლესობაში.

უმრავლესობაში თუ ვიქნები, ვიქნები ჩემი პრინციპებით, ღირებულებებითა და ხედვებით. ამ პოზიციით გედი ფოფხაძე თუ გუნდისთვის მისაღებია, მე ხელს გუნდს არ ვკრავ, მაგრამ მაშინ უნდა დავახლოვდეთ და ჩვენც უნდა ვიგრძნოთ, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას. მმართველი პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიველისციხეში ენმ-ის მხარდამჭერის ცემის ფაქტზე 3 დაკავებული პატიმრობაში რჩება
შემდეგი სტატიაისთერნ პრომოუშენსი და „თიბისი სტატუსი“ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებენ