ნორა კვიციანი გიგა ბოკერიას აქციის მოწყობით ემუქრება

ახლო მომავალში რწმენაში გადავარდნილ, მიმტევებელ გიგა ბოკერიას შეიძლება განსაცდელი შეემთხვეს. ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი კოდორის ხეობიდან დევნილებთან ერთად მის წინააღმდეგ აქციის მოწყობას აპირებს.

ნორა კვიციანი გიგა ბოკერიას მიმართ არც აქამდე იყო სიმპატიით განმსჭვალული, მაგრამ მას შემდეგ რაც სტრასბუგმა ირაკლი ბათიაშვლი გაამართლა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერისგან განმარტებები მოითხოვა.

ყოფილი პოლიტპატიმარი განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რმ ბოკერია კოდორის მიმართულებით რიტორიკას არ ცვლის. ნორა კვიაცანის ძმას ემზარ კვიციანს მოღალატეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ 2006 წლამდე კოდორში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა.

რატომ გეგმავენ გიგა ბოკერიას წინააღმდეგ აქციის მოწყობას, რა განმარტებებს ითხოვს კოდორის მოსახლეობა სააკაშვლის ყოფილი მარჯვენა ხელისგან? -ამ თემებზე „თაიმერს“ ნორა კვიციანი ესაუბრება.

ნორა კვიციანი:

– დიდი ხანია რაც მიცნობ და კარგად იცი, თუ როგორი ადამიანი ვარ. ვცდილობ ყველას ყველაფერი  ვაპატიო, მაგრამ როცა საქმე ქვეყანას და გაყიდულ კოდორის ხეობას ეხება, იქ არავითარ შემთხვევაში არ გავჩუმდები და არც ვაპატიებ.

უნდა ვაღიარო, რომ პასუხის მოთხოვნა ისედაც დავაგვიანე. ნაციონალების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიისთვის, გიგა ბოკერიასთვის ადრე უნდა მომეთხოვა პასუხი.  აქამდე ეს ვერ გავაკეთე, მაგრამ ახლა მაინც მოვთხოვ პასუხს.

-როგორ მოსთხოვთ პასუხს?

– ხეობის მოსახლეობასთან ერთად პარლამენტის წინ აქციას მოვუწყობ. ვაიძულებ, ხალხის თანდასწრებით გასცეს ჩემს კითხვებზე პასუხი.

-რა კითხვები გაქვს მასთან?

-ჩემი კითხვები ასეთია: ვრცელდებოდა თუ არა სოხუმის დაცემიდან 2006 წლამდე კოდორში საქართველოს იურისდიქცია; ფინანსდებოდა თუ არა პრეზიდენტის ფონდიდან კოდორის მოსახლეობისთვის ზამთრისთვის პროდუქტების შეძენა; იყო თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ბატალიონი „მონადირე“; შემოიტანა თუ არა 2004 წელს გია ბარამიძემ ხეობაში იარაღი და დაურიგა თუ არა მოსახლეობას; თუ ჩვენ კრიმინალები ვიყავით, რატომ დაგვირიგეთ იარაღი, ანდა თუ დაგვირიგეთ რატომ გააუქმეთ „მონადირე“ და უკანონო ფორმირებად გამოგვაცხადეთ და ბოლოს იქნება აგვიხსნას ბოკერიამ, როგორ გამოატარეს 2006 წელს რუსმა სამშვიდობოებმა ქართული საჯარისო შენაერთები საგუშაგოებზე? კოდორში მათ გარეშე ვერ შემოხვიდოდი, რუსები კი ხეობაში იარაღიან ხალხს არ უშვებდნენ, ამაზე 1994 წელს იყო შეთახმება მიღწეული.

გამცეს ამაზე ბოკერიამ პასუხები და რაც მთავარია, მიპასუხოს რატომ არის ჩემი ძმა მოღალატე? სანამ ის ხეობაში იყო, ხეობა საქართველოს იურისდიქციაში შედიოდა. ემზარის გაძევების შემდეგ, ძალიან მალე ხეობა უბრძოლველად გადააბარეს რუსებს.

ასევე მიპასუხოს, რატომ გამატარებინა ციხეში 7 წელი. ამ კითხვებზე პასუხს ვერ გამცემს. ამიტომაც მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს სხვებისთვის მორალის კითხვა და აღარ გაბედოს ვინმეს, პირველ რიგში ემზარ კვიციანს მოღალატე დაუძახოს.

-საეჭვოა რომ ბოკერიამ თქვეს კითხვებს პასუხი გასცეს, ის არც ემზარ კვიციანისთვის მოღალატეობის ძახილს შეწყვეტს.

– მაშინ მიიღებს საკადრის პასუხს. ჩვენ მას აქციას მოვუწყობთ და იქ გვითხრას, რატომ ვართ ჩვენ მოღალატეები.  მოთმინება კარგი რამეა, მაგრამ ბოკერიას მოთმინება უკვე აღარ შეიძლება.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: მეც არჩევნებამდე დიდხნით ადრე ვეუბნები კობახიძესაც და “ქართულ ოცნებასაც”…
შემდეგი სტატიაანაკლიის სტრატეგიული პროექტი გააჩერეს