ექიმი – კობახიძეს: “გინდათ ექიმებთან ომი? მიიღებთ! მსოფლიოს სამასხროდ გავხდით ამ ხელისუფლებას”

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგი ლევან ფერაძე აღშფოთებულია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მუქარის შემცველი განცხადებით ექიმებისა და ომბუდსმენის მიმართ და აღნიშნავს, რომ ეს ექიმებისთვის ომის გამოცხადებაა.

„ის, ექიმები, რომლებმაც გუშინ განცხადებები გააკეთეს [დასკვნა გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ], წარმოადგენენ საქართველოს სამედიცინო ელიტას. პირადად მე სამჯერ ნაინფარქტალი გახლავართ და შულტირება მაქვს გაკეთებული. იმ გუნდიდან ორმა ექიმმა მე უეჭველი სიკვდილისგან მიხსნა. ეს არის ხალხი, რომელთაც ათასობით ადამიანი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილები, მამები, დედები ჰყავთ გადარჩენილი. როგორ ბედავენ, იქნება ეს ვინმე კობახიძე თუ სხვა ნებისმიერი?! ეს ექიმებთან ომის გამოცხადებაა! ხოლო ექიმებთან ომის გამოცხადება ხელისუფლებას კარგად არ წაუვა. გინდათ ექიმებთან ომი? მიიღებთ! გამოდის ხალხი, რომელთა სამედიცინო განათლებაც მსოფლიოს სტანდარტებს არის გატოლებული, გიხსნის, შენ კი ბრიყვულად რაღაც სიტყვებს არახუნებ!“. “ფეიკია“ ის, რომ საუბრობ თემაზე, რომლის გაგებაშიც არ ხარ. გუშინ ამერიკელი კოლეგა დამიკავშირდა. კაცი გაგიჟებულია, „რა ხდება, საგიჟეთში ხართ? ამერიკაში ექიმი რომ გამოდის და იტყვის, „შეშფოთებული ვარ, მეშინიაო“, ყველა ფეხის წვერებზე დგება პრეზიდენტიდან დაწყებული. თქვენ ექიმები ხართ თუ ვინ, კაცს გიკლავენ, მკვლელობის თანამონაწილეებს გხდიანო“. ვიღაც პოლიტიკოსები გამოდიან, ამათ თავები ფეოდალები ჰგონიათ, ავიწყდებათ, რომ არიან ხალხი, რომლებიც ჩვენ დავიქირავეთ“,– ამბობს ექიმი “ტვ პირველის” ეთერში.

ის მოუწოდებს ხელისუფლებას, დღესვე გადაიყვანონ სააკაშვილი მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ათობით თეთრხალათიანი ექიმი დაიწყებს შიმშილობას:

„ათეულობით ექიმი მზადაა, დაიწყოს შიმშილობა ღია ცის ქვეშ – კანცელარიის ეზოში და მსოფლიოს სამასხროდ გავხდით ამ ხელისუფლებას! კარვებსაც არ დავდგამთ, ლეიბებით მივალთ! ჩვენ მსოფლიოში ყველაზე საშინელი LIVE–შოუს ვუყურებთ, როდესაც ადამიანს სისტემურად ასიკვდილებენ“.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. “პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”, – ნათქვამია დასკვნაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე: არ მესმის, სად დაკარგეს ადამიანობა
შემდეგი სტატიაკალაძე – პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურისა და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა