დეკანოიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებაზე: არ მესმის, სად დაკარგეს ადამიანობა

მისი შესაძლებლობები წონასწორობის დაცვის, მეტყველების, კრიტიკულს მიღმაა. დიდი პაუზა სჭირდება, რომ ისაუბროს, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს, დავეყრდნოთ ექიმებს და გადავიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში – არ მესმის, სად დაკარგეს ადამიანობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა.

ამასთან, დეკანოიძის განცხადებით, გადასარჩენია როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ელენე ხოშტარია.

“ჯანდაცვის მინისტრიც შეხვდეს ამ კონსილიუმს. ეს ადამიანი და ელენე ხოშტარია არიან გადასარჩენები. არ მესმის, სად დაკარგეს ადამიანობა. ელენე ხოშტარია უმრავლესობის წევრებმა მოინახულეს და ნახეს, რა მდგომარეობაშია. ძალიან სუსტადაა, აქვს სპაზმები. მართლა არ მესმის, რას დაველოდოთ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, როგორ მოკვდება ორი ადამიანი? არსებობს დასკვნა და დაეყრდნონ ამ დასკვნას.

სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ დადებული დასკვნა მაღალპროფესიონალურია და შეესაბამება იმ სინამდვილეს, მძიმე რეალობას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია. დაწყებული იქიდან, რომ ის კლინიკა, რომელზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, არ შეესაბამება სტანდარტებს, ვინაიდან კლინიკა რამდენიმე დღის გახსნილია და გუნდიც არაა ერთმანეთთან შეთამაშებული. ამასთან, მისი კრიტიკული მდგომარეობა უკვე უახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც შესაძლებელია, რომ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი, რაც არ უნდა სხვა ქვეტექსტი დაუდონ ამ დასკვნას, ის არის, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც მის ინტენსიურ თერაპიას უზრუნველყოფს. მე მინდა გითხრათ, რომ როგორც მისი მდგომარეობის თვითმხილველი, მისი რესურსი იწურება. საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში არ განვიხილოთ, ეს ყველაფერი სცდება პოლიტიკურ კონტექსტს. პირველ რიგში, უნდა ვენდოთ ექიმების დასკვნას, რომლებიც მის ძალიან მძიმე მდგომარეობას აღნიშნავენ. იგი გადასაყვანია სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში”,- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორძაია: უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში და კობახიძემ თავის განცხადებით კიდევ უფრო გაამწვავა
შემდეგი სტატიაექიმი – კობახიძეს: “გინდათ ექიმებთან ომი? მიიღებთ! მსოფლიოს სამასხროდ გავხდით ამ ხელისუფლებას”