ნინო გოგუაძე: ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარტიის ლიდერებმა მოინახულეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განუცხადა, ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური.

“ვიყავით, ვინახულეთ. ამას თუ ჰქვია კარგად ყოფნა, კარგად არის. რაც მთავარია, მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მისივე თქმით, ალექსი პეტრიაშვილთან ისაუბრეს თავდასხმასთან დაკავშირებითაც.

“ფაქტია ის, რომ ალექსის თავს დაესხა ორი სრულიად უცნობი და საკმაოდ გაწვრთნილი ადამიანი ამ საქმეში. ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული. ვის მიერ იყო შეკვეთილი, ეს გამოძიების საქმეა და ჩვენ ვთხოვთ გამოძიებას, სწრაფად გახსნან საქმე. შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ იმყოფებოდა გუშინ ალექსის სანახავად და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ცხელ კვალზე გაიხსნას ეს საქმე”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისივე განმარტებით, პეტრიაშვილმა არ იცის, ვინ დაესხა თავს, ეს ადამიანები იყვნენ ნიღბიანები.

“ერთს ნიღაბი ეკეთა, მეორეს ჰქონდა სახეზე აფარებული. ალექსის აღწერა შეუძლია მათი, თუმცა მათი ვინაობა მისთვის უცნობია”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპეტრიაშვილზე თავდასხმის დეტალებს მასთან ერთად მყოფი კახა საკანდელიძე იხსენებს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერს გამოუძიებელი საქმეების სიას უგზავნის