პეტრიაშვილზე თავდასხმის დეტალებს მასთან ერთად მყოფი კახა საკანდელიძე იხსენებს

ალექსი პეტრიაშვილთან ერთად, თავდასხმის დროს, საბურთალოს სასაფლაოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

კახა საკანდელიძე “კურიერთან” საუბრის დროს იხსენებს, რომ თავდამსხმელებმა მას იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ.

საკანდელიძის თქმით, პეტრიაშვილს 2 პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე, თუმცა როგორც საკანდელიძე ამბობს, მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება.

მისივე თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი.

საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ გაემართნენ და დაესხნენ თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

banner
წინა სტატიაში“ბედნიერი ურთიერთობა გვქონდა და გვექნება იმ ადამიანების სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა”
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: ფაქტია, რომ ეს იყო შეკვეთილი დანაშაული