ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიცია რეალურად არ არის მოწადინებეული პრინციპული ცვლილებებისთვის“

პარტია „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის, პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ის, ვერც რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობას ხედავს.

მისი თქმით, რუსეთი აშკარად ცდილობს კეთილი ჟესტის გამოხატვას „ქართული ოცნების“ მიმართ. რატომ დაიმსახურა „ოცნებამ“ მოსკოვის კეთილგანწყობა და რა უნდა მოეთხოვა საქართველოს რუსეთისგან?! ამის შესახებ, ნინო ბურჯანაძე „თაიმერთან“ საუბრობს:

– თუ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო არ გვინდა, მაშინ ავიარეისების აღდგენას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც უნდა შემოსვლა, ის სახმელეთო გზითაც კარგად შემოვა. რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პროცესს ყველა ვაკვირდებოდით ამ შემოდგომაზე. ასე, რომ არაფერი ტრაგიკული არ არის იმაში, თუ საქართველოს და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამით, პირველ რიგში რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გავუადვილებთ საქართველოში ჩამოსვლას. სხვა საქმეა, თუ, რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი. აშკარაა, რომ რუსეთი გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კეთილ ჟესტს. ეს საქართველოს ხელისუფლებამ დაიმსახურა და რატომ დაიმსახურა?! ეს არის საკითხავი!

– რატომ დაიმსახურა? უკრაინას რომ არ უჭერს მხარს?

– არა მხოლოდ ამიტომ. „ქართულ ოცნებას“ თავისუფლად შეეძლო რუსეთისთვის მოეთხოვა, რომ მას შეეჩერებინა საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაცია. ამას, საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს. ჩვენ ერთხელ გვითხრეს რომ ამ პროცესს სტრატეგიული მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ.
დღეს საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს იმ სტატუსს, რომელიც აწყობს მხოლოდ რუსეთს. ის, რაც ხდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეს საქართველოს არ აწყობს. „ოცნება“, ერთის მხრივ, არ აძლევს არავის იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთს ელაპარაკებიან, მაგრამ აკეთებენ იმას რაც აწყობს მოსკოვს.

– ოპოზიციის ნაწილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით?

– ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა უფრო ღრმად დევს, ვიდრე, ის განცხადებები, რომლებსაც ხშირად აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, სადღაც სხვაგან ცხოვრობს და აბსოლუტურად მოწყვეტილია ამ ქვეყენაში არსებულ რეალობას. სხვა გამოსავალია მოსაძებნი, რომელიც უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე, სავიზო რეჟიმის დაწესებაზე ლაპარაკო. სავიზო რეჟიმის დაწესება მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს დააზიანებს. განსაკუთრებით დაზარალდებიან რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. საქართველოში შემოსვლისას ბევრს შეექმნება პრობლემები.

– თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ოპოზიციის საქმიანობით უკმაყოფილო ხართ…

– ვინმე არის ოპოზიციის საქმიანობით კმაყოფილი? არა მგონია, ვინმე კმაყოფილი იყოს.

– საზოგადოება მართლაც უკმაყოფილოა, მაგრამ თქვენ… თქვენც, ხომ ოპოზიციას წარმოადგენთ?

– მე ვარ ოპოზიცია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვთქვა ის რაც არ მომწოპნს. ეგრე, ხელისუფლების ნაწილიც ვიყავი. მაგრამ ყოველთვის ვაფიქსიორებდი ჩემს პოზიციას. იქედან იმიტომ წამოვედი, რომ ხან არ ესმოდათ რას ვამბობდი, ხან უკუღმა ესმოდათ. შედეგად მიიღეს ის შედეგი, რაც 2012 წელს დადგა. ამ შეცდომების შედეგებს დღემდე იმკიან და კიდევ დიდხანს მოუწევთ შეცდომებზე პასუხის გაცემა. როდესაც ვხედავ, რომ არ ესმით რასაც ვლაპარაკობ, ცხადია უკმაყოფილებას გამოვთქვამ. ოპოზიციამ თავის მთავარ ამოცანად გაიხადა პარლამენტში მოხვედრა და არა ხელისუფლების ცვლილება. რა თქმა უნდა, ოპოზიციით უკმაყოფილო ვარ. უკმაყოფილო, როგორ არ ვიქნები, როცა ადამიანებს დაპირდნენ პარლამენტში არ შევალთო და შევიდნენ.

– პარლამენტში არშესვლა მხოლოდ სიტყვიერი განცხადება არ ყოფილა, ამასთან დაკავშირებით, მემორანდუმიც გაფორმდა…

– ამ ტიპის მემორანდუმს ცხრაჯერ მოვაწერეთ ხელი. ხან ტელევიზიაში, ხან ტელევიზიის მიღმა. ხან კამერების თანდასწრებით, ხან კამერების გარეშე. ვიძახეთ, რომ პარლამენტი არის ოლიგარქის “ბუტკა”. ამის მიუხედავად, შევიდნენ პარლამენტში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.
კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, როდესაც პარლამენტში ვერაფერს ვერ აკეთებ და არც იმ საკითხებს აყენებ, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს. ისე არის სიტუაცია პარლამენტში, გეგონება, ნახევარი საქართველო ქვეყნიდან წასული არ იყოს და მეორე ნახევარი წასვლას არ აპირებდეს. ქვეყანა იცლება და ამაზე ხმას არ იღებენ. სოციალურად, მძიმე ვითარებაც არ აინტერესებთ. ერთის მხრივ, ოპოზიცია კარგად აცნობიერებს, რომ ცალეკე აღებული ვერც ერთი პარტია და გნებავთ, პარტიების ერთობლიობა, ივანიშვილს ვერ შეეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, რამდენიმე პარტია გაერთიანებაზე საუბარობს. ეს ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია რეალურად არ არის მოწადინებული პრინციპული ცვლილებებისთვის, რაც მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

– რა უნდა გაკეთდეს, რომ ცვლილებები მოხდეს? პირადად თქვენ, რის გაკეთებას აპირებთ, მარტო იბრძოლებთ?

– პირველ რიგში, მიცემული სიტყვა უნდა შესრულდეს. რაც შეეხება ცალკე ბრძოლას, ცალკე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. 2011 წელსაც ცალკე და მარტო ვიბრძოდით. მაშინ, დღევანდელი ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, ჩვენი წინააღმდეგი იყო. ცალკე არ ვიბრძოლებ, ისევ ვითანამშრომლებ ოპოზიციასთან, მაგრამ, რაც არ მომეწონება იმას ხმამაღლა ვიტყვი.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსულ პროპაგანდისტულ მედიებსა და კრემლთან დაახლოებულ პირებს სანქციებს უწესებს
შემდეგი სტატია„მამაჩემი ნელ-ნელა ქრება“ – ედუარდ სააკაშვილის განცხადება სტრასბურგიდან