NDI: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი; კონკურენტული საარჩევნო კამპანიით; შედეგებით, რომელიც სანდო დამკვირვებლების მონაცემებს დაემთხვა; და რამდენიმე ძირითადი პრობლემით, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო.

„საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ, დაეფუძნებინათ და გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურ პარტიებში. პარტიებსა და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მათ აგრეთვე შეეძლოთ, ეწარმოებინათ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისუფლად მიეტანათ მესიჯები საზოგადოებამდე, რასაც საქართველოში არსებული საკმაოდ აქტიური და პლურალისტური მედია გარემო უწყობდა ხელს. მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს. ყოველივე ზემოჩამოთვლილი მისასალმებელია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

NDI ანგარიშში წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს რამდენიმე ძიერული პრობლემაც გამოიკვეთა.

„პრობლემებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: საარჩევნო პროცესის განმავლობაში მიმდინარე ძალადობისა და დაშინების შემთხვევები; საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალურობისა და კომპეტენციის საკითხი; და საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებული კითხვები. დამატებით, არჩევნებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან, პარტიების საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებთან, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან, კამპანიის დაფინანსებასა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებასთან და ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლობის ნაკლებობასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა. ამ საკითხების მოგვარებისკენ გადადგმული ერთობლივი მცდელობები უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სრულ ნდობას მომავალი არჩევნებისადმი. ახალი პარლამენტისა და მთავრობისთვის ისევე, როგორც პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, პრიორიტეტი საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაღრმავება უნდა იყოს. როგორც ყველა დემოკრატიული არჩევნების შემდგომ, ახალი პარლამენტისთვის და ახალი მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, გადაწყვეტილების მიღებისას მოსაზრებების ფართო სპექტრი გაითვალისწინოს და ყველა მოქალაქის ინტერესი წარმოადგინოს, მათ შორის მათი, ვინც უმრავლესობას ხმა არ მისცა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ხმებს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და მათი უფლებები უნდა დაიცვას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურისთვის პროცესის სანდოობისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტები უმეტესწილად არსებობდა. პლურალიზმი პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორიცაა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, დიდწილად დაცულია.

„მედია გარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიზირებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნები ჩვეულ ნორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა), დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. თავის მხრივ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემო გაუარესდა და მაგალითად მოჰყავთ მათი წარმომადგენლების დაპატიმრება, ძალადობისა და სროლების შემთხვევების დაუსჯელობა და არათანაბარი პირობები. ეს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, ნაწილობრივ, ორ მთავარ პარტიას შორის არსებული განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების მაჩვენებელია. წინასაარჩევნო გარემოზე ამ ორ პარტიას შორის მიმდინარე დაპირისპირება დომინირებდა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

NDI-ის კვლევების თანახმად, მოსახლეობა უკმაყოფილოა ამგვარი პოლიტიზირებული პოლიტიკური გარემოთი, რის გამოც ყურადღება ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად საინტერესო თემებზე გადადის. მოსახლეობის ნდობა პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, რომელსაც არსებულ ცვალებად გარემოში კონკრეტული შედეგების მიღწევა უჭირს, მყიფეა.

“საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არ ეთანხმება, რომ პოლიტიკური პარტიები მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ. ისინი თვლიან, რომ უგულვებელყოფილნი არიან არჩეული თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით ეროვნულ დონეზე. ბევრ ამომრჩეველს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას და მათ წინაშე არსებული პოლიტიკური არჩევანის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების ისტორიულად დაბალ აქტივობაში აისახა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიცავდა 8 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურს, 22 ოქტომბერს გამართულ განმეორებით არჩევნებს იმ ოთხ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც კენჭისყრის შედეგები გაბათილდა, და 30 ოქტომბრის მეორე ტურს 50 ოლქში, სადაც პირველ ეტაპზე ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50%-ზე მეტი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 115 მანდატი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 6, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კანდიდატმა თითო-თითო მანდატი მოიპოვეს”, -აღნიშნულია ანგარიშში.

NDI-ის ინფორმაციით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის გათვალისწინებით, წარმოადგენს აღნიშნულ საბოლოო ანგარიშს. წინამდებარე ანგარიში არის იმ სადამკვირვებლო საქმიანობის შემაჯამებელი პროდუქტი, რომელიც მოიცავდა წინასაარჩევნო დელეგაციას (განცხადება გამოქვეყნდა 17 ივნისს), 23 წევრისგან შემდგარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას (განცხადება გამოქვეყნდა 9 ოქტომბერს) და გრძელვადიანი ანალიტიკოსების გუნდს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესს აგვისტოდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით და თავიანთი მიგნებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ანგარიშის მომზადებაში. 21 ოქტომბერს ინსტიტუტმა ასევე გამოაქვეყნა მოკლე რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურის წინ. ეს ანგარიში ასევე ეფუძნება მიუკერძოებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების მიგნებებს. ეს ჯგუფებია: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (სამართლიანი არჩევნები), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”. ამ ორგანიზაციებთან NDI მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში თანამშრომლობდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ღია პოლიტიკურ გარემოში ჩატარდა, სადაც პარტიებს თავისუფლად შეეძლოთ, საკუთარი გზავნილები ამომრჩევლებამდე მიეტანათ და ამომრჩევლებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. კამპანია კონკურენტული იყო.

“სამართლიანი არჩევნების” თანახმად, უმეტეს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა. “სამართლიანმა არჩევნებმა” ხმების პარალელური დათვლა ჩაატარა – ეს არის სტატისტიკაზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც საარჩევნო დღის პროცესის შეფასებასა და ოფიციალური შედეგების გადამოწმებაში გვეხმარება. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ხმების პარალელური დათვლის შედეგები პროპორციული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაემთხვა. თუმცა, იყო რიგი მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა ამომრჩეველთა ნებაზე უშუალოდ ბიულეტენში სასურველი ნომრის შემოხაზვამდე. მართალია, ამ პრობლემებს არჩევნების ლეგიტიმურობაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა პროცესის გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. საქართველოში 2017 წელს იმართება ადგილობრივი, 2018 წელს კი – საპრეზიდენტო არჩევნები. ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშის მიზანი არ არის საარჩევნო პროცესების სრულყოფილი შეჯამება, არამედ იმ რიგ რეკომენდაციებზე ყურადღების გამახვილება, რომლის შესრულებამაც შეიძლება, მომავალი არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას შეუწყოს ხელი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში დაკავებული ათი პირიდან ერთ-ერთი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრია
შემდეგი სტატიამთავრობამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა