NDI : 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე – „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია“, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ „არა“, ხოლო 43 პროცენტი პასუხობს, რომ „კი“. პასუხი „არ ვიცი“ 11-მა პროცენტმა მიუთითა.

ამასთან, თბილისში გამოკითხულთა 53 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის, დედაქალაქში გამოკითხულთა 40 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის. დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში გამოკითხულთა 44 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, დიდ ქალაქებში ასევე 44 პროცენტი ფიქრობს, რომ დემოკრატია არის, პატარა ქალაქებში 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ხოლო სოფლებში – 42 პროცენტი.

ასევე, გამოკითხულთა 59 პროცენტი პასუხობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში, 33 პროცენტისთვის კი, მნიშვნელოვანია.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

banner
წინა სტატიაშიპანკისში ჰესების თემაზე გამართული სახალხო კრების შემდეგ, სამი უხუცესი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაNDI : საქართველოში გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძლიერი ლიდერი მმართველობის ცუდი ფორმაა