ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე – ბენზისგასამართი სადგურების ნაწილმა ფასები უკვე 30-40 თეთრამდე შეამცირეს

ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საწვავზე ფასის კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და პრემიერი განცხადების შემდეგ, ეს დიდი ქსელების წარმომადგენლებმა, საჯაროდაც დაადასტურეს.

„ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც. ზოგადად, ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა კომპანიების მიხედვით, ფასები მნიშვნელოვნად დაკლებულია. მცირე და საშუალო ქსელებში, ყველაზე პოპულარული რეგულარის ტიპის ბენზინი 3-3.05 ლარი ღირს. მნიშვნელოვანია, რომ დიზელის საწვავიც მცირე და საშუალო ქსელებში 4-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

რაც შეხება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინიც აქტიურად ამცირებენ ფასებს აგვისტოს დასაწყისიდან. სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე საშუალოდ 30-40 თეთრამდე უკვე შემცირებული აქვთ ფასები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ტენდენცია გაგრძელდება. პრემიერის განცხადების შემდეგ, საზოგადოებამ ნახა დიდი ქსელების წარმომადგენლების კომენტარებიც, რომელიც იმავეს ადასტურებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავზე ფასის შემცირების ტრენდი სექტემბერშიც გაგრძელდება. მიზეზები მარტივია, მყარი ლარი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დაცემული ფასები“, – აცხადებს მთვრალაშვილი.

banner
წინა სტატიაშიერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკობახიძე – ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია