ნათია თურნავა: პროტესტი გულწრფელია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფელ ნამახვანში მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მაკა სულაძემ განაცხადა, ისინი იცავენ ქართულ მიწას და შვილების მომავალს.

„დაგაგვიანდათ ბატონებო, იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების თვალწინ სპეცრაზმი ჩვენ კი არა, მათ იცავდა. ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც. სად აპირებთ თქვენ ცხოვრებას“, – ასე მიმართა ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს „რიონის ხეობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მაკა სულაძემ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ამოცანაა ქვეყნის ინტერესები და ამისთვის ყველაფერი კეთდება.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება მზად არის, მოსახლეობასთან ერთად იპოვოს გზა, რომელიც მათთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება.

„შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრა შედგება მომიტინგეებისთვის მისაღებ ადგილას და დროს. დიდი ალბათობით, ეს არ გასცდება შემდეგ კვირას, უფრო პარასკევზე გვაქვს საუბარი. ყველა ტელევიზიის და დაინტერესებული პირის მონაწილეობით, საჯაროდ შედგება დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც მათ ადარდებთ. შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ასევე, თუ დავინახეთ, რომ შეიძლება, ამ პროექტის მსვლელობისას გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები, რომელთა უკეთესად გადაწყვეტა შესაძლებელია, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. რაც მთავარია, დავინახეთ, რომ პროტესტი გულწრფელია. აქ ჩვენ არ დაგხვდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უფრო მოწადინებული არიან, რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი. მზად ვართ, ერთად მოვნახოთ გზა, რომელიც წაადგება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს.

ჩვენ დაველაპარაკებით კომპანიას პროტესტის მონაწილეების მოთხოვნის შესახებ, რომ შეწყვიტოს მუშაობა და გავაგებინებთ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებს“, – განაცხადა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: ნიკანორ მელიას დაკავებისას შენობაში ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი, ვინც იქ დაგვხვდა
შემდეგი სტატიააშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა