გომელაური: ნიკანორ მელიას დაკავებისას შენობაში ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი, ვინც იქ დაგვხვდა

ნიკანორ მელიას დაკავებისას შენობაში ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი, ვინც იქ დაგვხვდა, – განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ საუბრისას.

​„ჩვენ დაგვევალა განჩინებით ბატონი ნიკანორ მელიას დაკავება და აქედან გამომდინარე ჩავატარეთ პოლიციური ღონისძიება. რაც მთავარია, შიგნით პროპორციული ძალა გამოვიყენეთ თუ არა – თუ ითვლიან ესენი, ბაზებზე რამდენი ადამიანი იყო, რა არეულობა მოყვებოდა, რა მოხდებოდა, ჩვენ ხომ არავინ არაფერი ვიცოდით. დაზღვევის კუთხით შიგნით შესული იყო დაახლოებით ორასი ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი, იქ იყვნენ, როგორც მაშველები შესული, ასევე, გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. რა თქმა უნდა, კრიმინალური პოლიციაც, რომლებიც გარეთ იყვნენ. ისინი შიგნით არ შესულან. ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები. იყო საშიშროება, რომ თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. რა თქმა უნდა, სახანძრო მანქანები მზად გვყავდა და ახლა მაგას თუ მოვითვლით, ყველაფერს ერთად, შეიძლება, ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. შიგნით შესული, პირიქით ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი იყო, ვინც დაგვხვდა შიგნით. ამაზე კადრებიც არის და რა ვიცი, თვითონაც ჰქონდათ გადაღებული და ჩვენებსაც აქვთ გადაღებული“, – განაცხადა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის დასაცავად
შემდეგი სტატიანათია თურნავა: პროტესტი გულწრფელია