ნათია თურნავა – ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა

ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ ვაქციოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების და განვითარების გარეშე შეუძლებელია ამის მიღწევა. ამიტომ ამ პროექტით ძალიან ბევრი ქვეყანა ინტერესდება. ჩვენ ამ პროექტის ძალიან მაღალ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ და ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, როგორ უჭერს მხარს მთავრობა ამ რთულ, მაგრამ საჭირო პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა მზად არის აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ყველა დისკუსიისთვის.

„ასეთი ტიპის პროექტები განსაკუთრებით კერძო-საჯარო პარტნიორობას თუკი გულისხმობს, მომზადებისთვის საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. დღევანდელი შეხვედრები და დისკუსიები მოწმობს, რომ ამ პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, არა მხოლოდ საქართველო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველით, რომ ინვესტორი კომპანია მეტად კონცენტრირდება თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე პოლიტიკურ ჭრილში აქცენტების გადატანაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნული შესახებ მედიასთან კომენტარი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გააკეთა. ფორუმი თბილისში დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიმიქაუტაძე: ვფიქრობ, ზომიერად ჰუმანური ადამიანი ვარ
შემდეგი სტატიაIDFI-ის კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობამ მოსამართლეების შერჩევის პროცესზე არაფერი იცის