ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმის ჩვენება

“კვირის პალიტრა” ნარკორეალიზატორების საქმეზე გამოძიების მთავარი მოწმის ჩვენებას აქვეყნებს. სოლომონ მათიკაშვილი ყვება, როგორ შესთავაზეს ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ ნარკოტიკული საშუალებები. მისი თქმით, უბიძგებდნენ დანაშაულისკენ, რის გამოც მიმართა პოლიციას და ნებაყოფლობით მონაწილეობდა საკონტროლო შესყიდვაში:

“ჩემი გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი.
ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. ვარ ხელოსანი, ვმუშაობ. მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. “გალერის” ხშირი სტუმარი ვარ.
ამ კლუბში გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ტელეფონითაც ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი “გალერიში”, ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი “მდმ” და “ექსტაზი” ჰქონდათ და შემომთავაზეს “მდმ” 100 ლარად, “ექსტაზი” 180 ლარად. დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდეგ ჯერზე, როცა მოვიდოდი “გალერიში”.
მაგრამ გავაცნობიერე, რომ მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა – მინდა აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი.
24 მარტს გამომძიებელმა გადმომცა 500 ლარი. ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეომოწყობილობით და წავედი “გალერიში”, სადაც შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი, რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი “ლსდ”. დამტოვა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა. ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან 1 ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. გადავეცი თანხა და დავშორდი. მერე გამოვედი კლუბიდან. რუსთაველის 34-თან მელოდებოდა გამომძიებელი. გადავეცი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დალუქა.
26 აპრილს მესენჯერში დამიკავშირდა ქეთი მურუსიძე. მითხრა, რომ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზის” 1 აბი და შეეძლო 100 ლარად მოეტანა. შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, “მაკდონალდსთან” სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. ქეთი მურუსიძემ მომცა 1 აბი. მივეცი 100 ლარი. მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი. აბი გადავეცი გამომძიებელს”.

banner
წინა სტატიაშიინდოეთი ახალი თაობის ომისთვის უპილოტოებს და საბრძოლო რობოტებს ამზადებს
შემდეგი სტატიარუხში აზერბაიჯანელების ავტო-ტექნიკა გაქურდეს