ნანა ქობალია- ლელა ქებურია ვერ გაიხსენებს ვერცერთ შემთხვევას, როცა მისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ტელევიზიაში ან არასწორად გადაიცა, ან დაიბლოკა

გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა და 20 იანვრის ყრილობისა და პარტიაში მიმდინარე პროცესების განხილვას მოიცავდა, ვიმყოფებოდი მე, როგორც ჟურნალისტი.
უნდა ვთქვა, რომ მას მერე, რაც დარბაზში შევედი (დაწყებული იყო შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილს ჩართვა ჰქონდა უკრაინიდან) მოვლენები ასე განვითარდა: მიხეილ სააკაშვილი პასუხობდა დარბაზის შეკითხვებს. შეხვედრის მონაწილეები, ძირითადად, აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ სააკშვილი უპირობო ლიდერია, ის არის ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული პოლიტიკოსი, ნატოს გზით, ევროკავშირის გზით საქართველოს განვითარების გარანტი და ვინც მას ემიჯნება, უნდა დატოვოს პარტია. რამდენიმე შეკითხვის (ალბათ 2-3) შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა მიმართა ლელა ქებურიას, რომელიც იქვე დარბაზში იმყოფებოდა და უთხრა, რომ გიგა ბოკერიასთვის გადაეცა, მიეხედა თავისი ცოლისთვის, რომელიც მიშას მომხრეებს მოიხსენიებდა, როგორც ჯოგს. პასუხად ლელა ქებურიამ უთხრა, რომ ის არაფერ შუაში იყო ამ საქმესთან, რასაც დარბაზის მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა: ქებურიას შეახსენეს, რომ სწორედ მას ქონდა კავშირი ამ თემასთან, რადგან როგორც უთხრეს, ის იწონებდა ასეთი სახის პოსტებს, რომელსაც თამარ ჩერგოლეიშვილი წერდა. მცირე პაუზის შემდეგ, სანამ კიდევ რამდენიმე გამომსვლელი თავის სიტყვას იტყოდა, ქებურიამ მიკროფონი ითხოვა. მისი საუბრის დაწყებას დარბაზის გაღიზიანება მოყვა, რაც მის მიმართ სიტყვიერ დაპირისპირებაში გამოიხატა, ქებურიას არ შეუწყვეტია გამოსვლა, თუმცა ითხოვა, რომ მიეცათ მისთვის საუბრის საშუალება, რაც პარტიის ლიდერების ჩარევით მოხერხდა.
ქებურიამ მიმართა სააკაშვილს, რომ ის სააკაშვილის გამო არ მისულა 2012 წელს პარტიაში და დარბაზს მოავლო თვალი, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა დარბაზში მსხდომნი, ქებურიამ დაამატა, რომ არც ბოკერიას გამო არ იყო პარტიაში, არამედ მივიდა იმისთვის, რომ დაემარცხებინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, თუმცა ამ ყველაფერის თქმა ქებურიას ხმაურის ფონზე მოუწია, რადგან მას არამხოლოდ დარბაზის, პარტიისა და პარლამენტის დატოვებაც მოსთხოვეს. „მე ვფიქრობ, რომ არც მიშას გუნდს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება მარტო და არც გიგას გუნდს შეუძლია მარტო. მე ვიცი რატომაც არის აგრესია წამოსული ჩემს მიმართ და თქვენ ყველაზე ჭკვიანი ბრძანდებით ბატონო პრეზიდენტო და იცით თქვენც რატომაც არის და მინდა გთხოვოთ, რომ აქ დასახელდა რამდენიმე გვარი, (დარჩიაშვილი, ნოდია, ჩერგოლეიშვილი) და არც ერთ მათგანს ამ პარტიაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ჩვენ, ნებისმიერ აქ მჯდომს იმაზე ნაკლები პასუხისმგებლობა გვეკისრება, ვიდრე თქვენ, როგორც ამ პარტიის ლიდერს…აქ ძალიან ბევრი სიბინძურე იყო როგორც ერთი მხრიდან წამოსული, ასევე მეორე მხრიდანაც. ძალიან მტკივნეულია სიტყვა ჯოგი და ასევე მტკივნეულია განსაკუთრებით თქვენი მხრიდან გაჟღერებული პეროიანი, ბლანჟეიანი და ა.შ. ძალიან გთხოვთ დაამთავროთ ეს..“- თქვა ლელა ქებურიამ.„რა გინდა საერთოდ პარტიაში,“ „შენ ვინ მოგცა ხმა“, „ჩვენ მიშას ვუჭერთ მხარს და არა თქვენ, თქვენთვის არავის მიუცია ხმა“- ამ რეპლიკებით მიმართეს დარბაზში მყოფებმა ქებურიას. ხოლო სააკაშვილმა, რომელიც არანაკლებ გააღიზიანა ქებურიას გამოსვლამ, მკაფიოდ და ცალსახად უპასუხა:“ლელა, მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი დაყოფა, როგორც თქვენ ახსენეთ, მიშას გუნდი და ბოკერიას გუნდი, ერთ მხარეს არის გუნდი ნაციონალური მოძრაობის, რომელსაც აქვს მხარდაჭერა 99%, ხოლო მეორე მხარეს კი გუნდი, რომელსაც აქვს 1%.(ტაში დარბაზში) 99% გაძლებს ერთის გარეშე და ერთი ვერ გაძლებს 99%-ის გარეშე.“- განაცხადა სააკაშვილმა. „თქვენ რომ ჩემ გამო არ მოსულხართ პარტიაში, ამას დიდი ხანია მივხვდი და არ უნდა ამას განმარტება, ვიცი რომ ასეა. პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს“ – ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები. რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ მის წესებს იღებთ, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან თქვენი ბრძოლა? ის, რომ უკრაინაში ამ ბოლო პერიოდში ოლიგარქების პრესამ აიტაცა – აი, საქართველოში თავისი პარტია გაემიჯნა სააკაშვილსო – ეს არის ივანიშვილთან თქვენებური ბრძოლა? მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის და მტრის გვერდზე გაწევა? მე ამას ვერ გავიზიარებ!“, – უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ქებურიას . მან ამომრჩეველთა შეურაცხყოფაზეც ისაუბრა:„რაც შეეხება სიტყვას „ჯოგი“, ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და „პეროიანებმა“ თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, ეს მათი პრობლემაა. ეს ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის. საუბარია მცდელობაზე, რომ მათ დაუძახონ ჯოგი…“, – თქვა ენმ-ს დამფუძნებელმა და დაამატა, რომ ქვეყნისა და იდეების ერთგულებაზე მაღლა არაფერი დგას: „არაფერი არ დგას ერთგულებაზე მაღლა: პიროვნებების ერთგულებაზე კი არა – ქვეყნის, საერთო საქმის, იდეების ერთგულებაზე მაღლა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ უთხრა ქებურიამ სიმართლე მას, როცა კიევში იყო ჩასული და შეხვდა: “აი, მაშინ რომ ჩაგეხედათ ჩემთვის თვალებში და გეთქვათ, რასაც ახლა მეუბნებით, გეტყოდით იმას, რასაც ახლა გეუბნებით: უნდა შეგექმნათ სხვა პარტია, მაგალითად, ქებურიას პარტია, მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მიიღებდით 27 მანდატს? – მიიღებდით. ჩვენც მივიღებთ ნაციონალური მოძრაობის სახელით არჩევნებში მონაწილეობას და თუ ავიღებდით 5 ან 6 მანდატს მოვიდოდით თქვენთან და გეტყოდით, გავერთიანდეთო“, – განაცხადა სააკაშვილმა და უშუალოდ ლელა ქებურია მიმართა:„ძვირფასო ლელა! ის ხალხი, ვისთვისაც თქვენ „პეროიანების“ წოდება გწყინთ, პარლამენტში სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა, ვისაც ახლა თავად ჯოგს ეძახიან. პარლამენტში დაჯდომიდან მეორე დღესვე ამ ხალხის ფურთხება არაა სწორი საქციელი. ამ ხალხმა დაგსვათ თქვენ პარლამენტში და არა თქვენ – ისინი. იქ დაგსვათ და თვითონ დარჩნენ უბედურებაში, უფულობაში, სიცივეში… თქვენ გაქვთ მათი ვალი ადა არა მათ – თქვენი“, – მიმართა მან ლელა ქებურიას. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ოდიშმა“ ლელა ქებურიას კომენტარი ვერ ჩაწერა, რადგან მან დარბაზი სააკაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვის დასრულებისთანავე დატოვა, თუმცა მოგვიანებით მე მას ტელეფონით დავუკავშირდი, რა დროსაც კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც დაიდო ინფორმაცია ვებ-გვერდზე, სადაც ეწერა, რომ „დარბაზში ხმაური გამოიწვია პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას გამოსვლამ, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიაში 2012 წელს გაწევრიანდა, თუმცა იქ არც სააკაშვილის და არც ხალხის გამო მისულა. შეკრებილებმა ქებურიას პარტიისა და პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდეს“-ქებურიამ დამირეკა და მითხრა, რომ მას არ უთქვამს სიტყვა ხალხი, რაც გამოყენებული იყო ტექსტში. მე ავუხსენი, რომ ციტირება არ მქონდა გაკეთებული, ხოლო კონტექსტი, რაც იყო აღქმული ჩემ მიერ, ზემოთ აღწერილი დეტალებიდან, ასევე დარბაზის რეაქციიდან და ლელა ქებურიას მიერ ადრე საჯაროდ დაწერილი კომენტარებისგან იყო გამოწვეული, როცა მან ენმ-ს ამომრჩეველთა რადიკალურ ნაწილს „არარაობა“ უწოდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო ასევე, რომ მე მას მაშინვე ვუთხარი, რომ ამოვიღებდი ამ სიტყვას და მართლაც ტელეფონზე საუბრის მომენტშივე დავარედაქტირე ტექსტი და ამოვიღე.
იმის შემდეგ, რაც უთანხმოების საფუძველი აღარ არსებობდა, ტექსტი კი უკვე რედაქტირებული იყო, მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი, როცა „ფეისბუქზე“ გადავაწყდი ლელა ქებურიას პოსტს, სადაც ის წერს, რომ რომ ეს ტელეკომპანია არის „იმ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი გამხმოვანებელი, რა კამპანიასაც დიდი ხანია ეწევა წითლიძე-ქობალიას ტანდემი“. – ამაზე შემიძლია ცალსახად ვუპასუხო, რომ ამ ნიუსზე პასუხისმგებელი ვარ მე, როგორც ტექსტის უშუალო ავტორი. თუ ვინმეს რამე პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე გაქვთ პარტიაში ერთმანეთისთვის სათქმელი, მგონი არ გაგიჭირდებათ ერთმამეთში გარკვევა და ამ შემთხვევაში კომპანიის მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა. სხვა დანარჩენი კი მკითხველის გადასაწყვეტია.ქალბატონი ლელა ქებურია ვერ გაიხსენებს ვერცერთ შემთხვევას, როცა მისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ტელევიზიაში ან არასწორად გადაიცა, ან დაიბლოკა. რაც შეეხება ნიუსის ფორმას, ჟურნალისტი თვითონ წყვეტს, რა სახით მიაწოდოს მკითხველს ამბავი, რომელსაც აღწერს, რასაკვირველია, ფაქტის დამახინჯების გარეშე. ამასთან, კიდევ ერთხელ შევახსენებ ქალბატონ ლელას, რომ ჩემი თხოვნის მიუხედავად, მან არ გააკეთა კომენტარი, რის შემდეგაც, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია ჟურნალისტისა და მედიასაშუალების დადანაშაულება ტენდენციურობაში. რაც შეეხება ტელეკომპანია „ოდიშს“, ის კვლავ გააგრძელებს მოვლენებზე დაკვირვებას და მათ გაშუქებას იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც ტელეჟურნალისტიკის სტანდარტები მოითხოვს და რომლისთვისაც ამ მედიასაშუალებას არასდროს უღალატია.

ნანა ქობალია- ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი

banner
წინა სტატიაშიმოუთმენელმა მძღოლმა 3 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა
შემდეგი სტატიადათა ახალაიას და გია დგებუაძეს 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ