ნაცვლიშვილი – პრეზიდენტი ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის

პრეზიდენტი ხაზგასმით ცდილობს, ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები. ყველა გონიერი პოლიტიკური ფიგურა ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის, – ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არასწორ ნაბიჯებს დგამს, სწორედ ამიტომ პრეზიდენტის პოზიციები გასაკვირი არ არის.

„გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ხაზგასმით ცდილობს ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, განსაკუთრებით ახლა, როცა კანდიდატის სტატუსზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირმა და არაერთი მწვავე საკითხია ქვეყნის შიგნით. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმდენად არასწორი ხაზი და გეზი, რომ ყველა გონიერი პოლიტიკური ფიგურა ცდილობს არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის, ამიტომ გასაკვირი არ არის ჩემთვის, როცა პრეზიდენტი ცდილობს განსხვავებული პოზიციები მოხაზოს. არც პირველი შემთხვევაა ეს. „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელიც მისი დამფუძნებლების 90 %-მა დატოვა. ამას აქვს ობიექტური მიზეზები.

ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს რაც შეეხება, ნაცვლიშვილის თქმით, ამას ვერ მიიღებს და თუ პრეზიდენტს აქვს რაიმე ფაქტები, მაშინ ამაზე უნდა ისაუბროს.

„არ მიმაჩნია სწორი ოპოზიციაზე საუბარი, რომელიც არის მრავალფეროვანი, სხვადასხვა პარტიაა და ასეთ სერიოზულ ბრალდებებს უნდა მოჰყვებოდეს ფაქტები. სხვა შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ტალახი ყველას გვესხმება ფაქტების გარეშე. გავიხსენებ ამავე დროს, რომ ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ თავად ღარიბაშვილის ბრალდებებს და თქვეს, რომ „ლელოს“ ერთადერთი პოზიცია იყო, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი მიუხედავად ყველაფრისა, ამიტომ მეტი სიცხადეა საჭირო, როცა მსგავსი ტიპის განცხადებები ჟღერდება, თუ ვინ იგულისხმება მასში,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – პრეზიდენტი არ არის კვლევითი ორგანიზაციის ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს
შემდეგი სტატიათუ ვაპირებთ, რომ ევროკავშირი გავაფართოოთ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ – საფრანგეთის ელჩი საქართველოში