მანჯგალაძე – პრეზიდენტი არ არის კვლევითი ორგანიზაციის ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს

პრეზიდენტი არ არის ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს. მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს აქვს მეტი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა კონკრეტული ქმედებებით გამოასწოროს ის, რაც არ მოსწონს – ასეთ ქმედებებს ჩვენ ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე პრეზიდენტს მიმართავს, რომ „ახლა ქმედებების დროა“. მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება, ის ნაბიჯები გადადგას, რაც სწორად მიაჩნია. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ახლა, როცა მოლაპარაკებებს უნდა ვაწარმოებდეთ პარტნიორებთან, ის გამოკეტილია შიდაპატიმრობაში და საქართველოდან გასვლის უფლებაც არ აქვს“.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხშირად სწორ და დაბალანსებულ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ის არ არის რომელიმე კვლევითი ორგანიზაციის ან ფონდის დაქირავებული ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს, მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს აქვს მეტი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, კონკრეტული ქმედებებით გამოასწოროს ის, რაც არ მოსწონს. ასეთ ქმედებებს ჩვენ ვერ ვხედავთ.

თუ თვლის, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები იყო არასწორი, დღესვე შეუძლია მისი გამოსწორება იმით, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული და აბსურდული ბრალით გასამართლებული ნიკა გვარამია.

ასევე, თუ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტთან დაუბრკოლებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდეს როგორც პირად ექიმს, ასევე უცხოელ ექიმებსა და ექსპერტებს, რადგან პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ მიადგეს იმის გამო, რომ ის ვერ იღებდა ადეკვატურ სამედიცინო სერვისს და რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის მესამე პრეზიდენტის განადგურება უმჯობესია,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და რუსეთში, ობიექტებზე თავდასხმას არ აპირებს
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – პრეზიდენტი ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის