მწერი, რომელიც ხელისუფლებისთვის ოპოზიციაზე მეტად საშიშია

3 სექტემბერს, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირადად სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ სამეგრელოში ჩატარებული პიარ-კამპანია, დასავლეთ საქართველოში მოდებული აზიური ფაროსანის წინააღმდეგ, ისახავდა ერთადერთ მიზანს, კერძოდ ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოში მოსახლეობისთვის ილუზიის შექმნას, რათა ადგილობრივ არჩევნებზე სახელისუფლო პარტიამ და კანდიდატებმა ხმები არ დაკარგონ. სინამდვილეში კი – ხელისუფლება კატასტროფულ სიტუაციაში ჩავარდნილ სოფლის მოსახლეობას – ვერაფრით და არაფრით ეხმარება.
,,თაიმერში,, გასული რამდენიმე კრიტიკული წერილის შემდეგ, რომელიც რეგიონში მწერების მიერ შექმნილ კატასტროფულ სიტუაციას რეალურად აღწერდა, ხელისუფლება და მისი ,,პირის მოწმენდით,, დაკავებული ტელეკომპანიები ,,ფაცი-ფუცობენ,,. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას რეალური სიტუაცია აჩვენონ და შექმნილ სიტუაციიდან სწორი გამოსავალი დაგეგმონ, ხელისუფლების წევრები და მათ მიერ კონტროლირებადი მედია მოსახლეობის ტვინის ,,გამორეცხვით,, არიან დაკავებული, ურცხვად ტყუიან და საარჩევნო პიარს აკეთებენ.
ჩვენს მიერ შესწავლილი მონაცემებით, სინამდვილე და რეალობა სამეგრელოს რეგიონში (მიმდებარე რეგიონებშიც) ასეთია:
– აზიური ფაროსანის მიერ განადგურებული და საკვებად გამოუსადეგარია თხილის მოსავლის 95%
– ამ მომენტისათვის განადგურებულია სიმინდის მოსავლის 50%-ზე მეტი და იქიდან გამომდინარე, რომ სიმინდი ჯერ კიდევ ჭყინტია, აზიური ფაროსანი მის განადგურებას განაგრძნობს.
– აზიურმა ფაროსანმა საკვებად გამოსუადეგარი გახადა თითქმის ყველა სახის ხილი, ბოსტნეული და ყურძენი, რომელიც სამეგრელოს სოფლებში მოჰყავთ . როგორც ცნობილია, ეს მწერი 300-მდე მცენარის ნაყოფს, ფოთოლსა და ღეროს ეტანება.
– აზიური ფაროსანი შეესია და ანადგურებს მრავალწლიანი ხეების ფოთლებსა და ღეროებს, რაც მათი გახმობის წინაპირობაა.
– აზიური ფაროსანი არ გახლავთ ერთადერთი მწერი, რომელიც დასავლეთ სქართველოში ბუნებას აზიანებს… სოჭიდან გადმოსულმა მწვანე მატლი ,,კოლხური ბზის ალურა,, სამეგრელოში ბზის სრულ განადგურებას ბოლომდე მიჰყვება. (მაგალითისთვის, ლუგელას ხეობაში კოლხური ბზის მთები სრულად განადგურებულია)
-არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლებას არ გააჩნია რეალური გეგმა და გამოსავლის გზები.


შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამეგრელოსა და მიმდებარე რეგიონების სოფლის მოსახლეობას მშიერი ზამთარი ელოდება, ხოლო ბუნებას – გამოუსწორებელი ზიანი. ამ ყველაფერს კი, ხელისუფლება ტყუილებითა და არაფრის მაქნისი პიარ-სვლებით უპირისპირდება.
ხელისუფლების მიერ გავრცელებული მთავარი ტყუილი გახლავთ ის, რომ ირწმუნებიან, თითქოსდა ეფექტურად ებრძვიან აზიურ ფაროსანს, რასაც თვითონაც ვერანაირი ფაქტით ვერ ადასტურებენ… მიუხედავად იმისა, რომ ჯიბის ტელევიზიებით ხშირად აჩვენებნ შეწამვლის პროცესს, განადგურებული მწერების დიდი რაოდენობა მათ არსად და არასდროს უჩვენებიათ… არა და მავნე მწერების პოპულაცია, მხოლოდ სამეგრელოში, ამჟამად მილიარდებს აჭარბებს.
რა იცის და რა არ იცის ხელისუფლებამ აზიურ ფაროსანის პრობლემაზე?
-ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურებს სათანადო დონეზე არ შეუსწავლიათ მავნე მწერი – აზიური ფაროსანი. აქედან გამომდინარე, ამ დრომდე ზუსტად არც იციან რომელი შხამქიმიკატით ან რა მეთოდით შესაძლებელია მისი ეფექტური განადგურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ აქამდე დიდი ხნით ადრე უნდა მოეხდინათ მწერების გავრცელების ლოკალიზაცია და აგრეთვე მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის საჭირო ინსტრუქციები, ბუკლეტებისა და სატელევიზიო ინსტრუქციების სახით. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მიერ გავრცელებული, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის უცხოურიდან ნათარგმნი და ქართული ვიდეო-ინსტრქუციები კი, იმდენად სულელურია და არაფრის მაქნისი, რომ არათუ ამ პრობლემით შეწუხებულ სერიოზულ ადამიანს, პატარ ბავშვსაც კი ღიმილს მოჰგვრის. ეს ინსტრუქციები ვერაფერში გამოადგა უპატრონოდ დარჩენილი სოფლის მოსახლეობას, რომელსაც ინტერნეტზე ისედაც არა აქვს წვდომა. იმ ხალხს, რომელიც მთელ რიგ რაიონებში უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავს და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი შხამქიმიკატით შეწამლოს ესა თუ ის სასოფლო სამეურნეო კულტურა საკუთარ ნაკვეთზე. ამას გლეხები აკეთებენ ისე, რომ თვითონაც არ იციან რამდენად აზიანებს ეს ქიმიური ნივთიერება მწერს… არ იციან რამდენად აზიანებს იმ ნაყოფს, რომელიც შეწამვლის შემდეგ საკვებად უნდა მოიხმაროს ადამიანმა… არ იციან თუ რამდენად საშიში შესაძლებელია იყოს ეს ნივთიერება თავად მრავალწლიანი მცენარისთვის… ან იმ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვინც შეწამვლას ახდენს. არანაირი მითითება ამ მხრივ, მოსახლეობას დღემდე არ მიუღია ხელისუფლებისაგან.


რაც კარგად იცის ხელისუფლებამ არის ის ფაქტი, რომ ამ მავნე მწერის გამო სერიოზულ შარში არიან გახვეულნი… კარგად იციან, რომ თუ წელს ეს პრობლემა სერიოზულ ზარალს აყენებს ხელისუფლების იმიჯს, მისი გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, მომავალ წელს მწერების პოპულაციის სულ ცოტა 200-ჯერ გაზრდის შედეგად, ულუკმაპუროდ დარჩენილი დასავლეთ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი სოფლის მაცხოვრებელი იძულებული გახდება თბილისს მიაშუროს სამუშაოს საძებნელად, რაც დაუკმაყოფილების შემთხვევაში, ხელისუფლების კარებზე ,,მიკაკუნებით,, დასრულდება.
ასე, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე და რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ამ პრობლემის მოუგვარებლობა… ამიტომ ჯიბის ტელევიზიებთან ერთად პრობლემის ,,გალაითებით,, და მოსახლეობისათვის ილუზიების შექმნით არიან დაკავებულნი, რათა ადგილობრივი ორგანოების არჩევნები სასურველი შედეგებით ,,გადააგორონ,, და ზამთრამდე როგორმე გაწელონ დრო… ზმათარში ალბათ ბუხართან, ცეცხლის პირას, ნაცარზე დახაზავენ ამ დიდი პრობლემის მოგვარების გეგმას.
ფაქტი ერთია და უდავო, დასავლეთ საქართველოს სოფლებში მაცხოვრებელი ასეულობით ათასი ადამიანი, სოფელში სასიცოცხლოდ აუცილებელი კულტურების მოსავლის 60-70 % გარეშე რჩება, რაც საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას ნიშნავს და ეს ყველაფერი, ქვეყანას ძალიან მძიმედ ტვირთად დააწვება. ხელისუფლება კი, საკუთარი ტყუილებით ,,ჭირს ვერ დამალავს,, და თუ წელს ვერ უშველა პრობლემას, მომავალ წელს, თავად ხელისუფლებას ვერაფერი უშველის.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა საზოგადოებას მიმართვს
შემდეგი სტატიატრამპი მზად არის ფხენიანის წინააღმდეგ ბირთული იარაღი გამოიყენოს