„მსგავსი სახის აბსურდული განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს“, განაცხადა დავით ზალკალიანმა

„მსგავსი სახის აბსურდული განცხადებები ზიანს აყენებს საქართველოს“, განაცხადა დავით ზალკალიანმა მედიაში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას ქალაქ ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასა და წლის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტის ურთიერთკავშირის შესახებ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებს აბსურდულ ინფორმაციას თითქოს ჩემი ვიზიტი ესპანეთში კავშირშია ბარსელონაში 2 დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება, ყოველდღიური გაფრთხილება. ასობით ათასი ჩვენი კეთილსინდისიერი მოქალაქე სარგებლობს ამ სიკეთით, რომელსაც მოაქვს სიკეთე ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. მსგავსი სახის აბსურდული განცხადებების და ინფორმაციის გავრცელება არის პროვოკაციული და ზიანს აყენებს საქართველოს, ზიანს აყენებს ათასობით და ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას”, განაცხადა დავით ზალკალიანმა მედიაში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას ქალაქ ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასა და წლის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტის ურთიერთკავშირის შესახებ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობდა საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ვიზიტის ფარგლებში ესპანურმა მხარემ მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილები გააჟღერა:

„ჩემი ესპანეთში ვიზიტის დროს საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგოც უსაფრთხო ქვეყანას და მოუწოდა საქართველო მოქალაქეებს, რომ არ განახორციელონ ისეთი ქმედებები რომელიც საფრთხეს შექმნის მათ ესპანეთში ყოფნას. ეს იყო ძალიან კარგი პრევენციული განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აქედან გამომდინარე მე ძალიან გაკვირვებული ვარ იმ პროვოკაციული განცხადებებით რომელიც გარკვეულ მედია საშუალებებში გავრცელდა“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასაქართველოში სომხური ეკლესიის წინამძღოლმა გადადგომის შესახებ განაცხადა