დეკანოზ, გიორგი მამალაძის გახმაურებული საქმის შემდეგ, ევროსასამართლო კიდევ ერთ სარჩელს მიიღებს. გასულ კვირას (3 ნოემბერს) ე.წ “ციანიდის” საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. სტრასბურგში, ამჯერად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, მრევლზე განხორციელებულ პედოფილურ ფაქტებს განიხილავენ.
ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას შემდეგ, საქართველოს უმაღლეს იერარქიასთან და პატრიარქთან ღია დაპირისპირებაში შედის, სამშობლოდან დევნილი სასულიერო პირი, მამა გიორგი (სხილახე), რომელიც “თაიმერს” 90-იანი წლების საქართველოს დატოვების მიზეზებზე უყვება და იმ სარჩელის დეტალებს განიხილავს, რომელსაც სასულიერო პირი უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნის.
სარჩელში, რომელსაც საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი ამზადებს, საუბარია, ეპისკოპოსებზე, მიტროპოლიტებსა და სულიერი მოძღვრების მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებებზე. სარჩელი ასევე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს მხრიდან, მსგავს დანაშაულებებში მონაწილე სასულიერო პირების მფარველობას ეხება.
“თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, მამა გიორგი (სხილაძე) აღნიშნავს, რომ ის უახლოეს პერიოდში აპირებს საქართველოში ჩასვლას და სანამ სარჩელს სტრასბურგში გაგზავნის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან გეგმავს შეხვედრას. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და არ დაიწყებს დამნაშავე სასულიერო პირების დაკავების სერიას, მამა გიორგი (სხილაძე) აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას სტრასბურგში გააგრძელებს.
– მე, საქართველოს საპატრიარქოს არ მივეკუთვნები, 1997 წელს დავტოვე საქართველოს საპტრიარქო დიაკონის ხარისხში. იქ, ბრწყინვალე კარიერა მელოდა, იმიტომ კიარა, რომ ვინმესგან გამოვირჩეოდი, უბრალოდ, მაშინ ცოტა იყო სასულიერო პირი. ამ ყველაფერზე ვთქვი უარი და წამოვედი ემიგრაციაში, რათა წმინდა ეკლესიაში ვყოფილიყავი, წმინდა მღვდელმთავრებთან და უფლის მორწმუნე საზოგადოებაში.
1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, რუსული ეკლესიის ნაწილი, დაახლოებით 25-მდე მღვდელ-ეპისკოპოსამდე ემიგრაციაში აღმოჩნდა, მაშინდელი პატრიარქის, ტიქონის ლოცვა-კურთხევით, რომ გაეგრძელებინათ მსახურება უცხოეთში. ეს არ არის ხელოვნური წარმონაქმნი, სრულიად კანონიკურად ჩამოყალიბდა ეს ეკლესია და მსოფლიოს ყველა პატრიარქმა მიიღო და აღიარა ეს სინოდი, როგორც დამოუკიდებელი საზღვარგარეთ მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია. იყვნენ როგორც რუსები, ასევე ქართველები და ბერძნები. ემიგრაციაში დავინახე ქრისტეს ეკლესიის გაგრძელება, “კა.გე.ბე.შნიკები”, პედოფილები, მამათმავლები და მრუშები კი არა – ნამდვილი მამები.
– რატომ მოგიწიათ სამშობლოდან და ქართული ეკლესიიდან წასვლა?
– ორი მიზეზი იყო, ერთი აკადემიური, მეორე სარწმუნოებრივ-პოლიტიკური. აკადემიურს რაც შეეხება, 1988 წელს სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, თბილისში სასულიერო აკადემიაც გაიხსნა იმავე წელს. აღმოვაჩინე, რომ “რელიგიის მინისტრმა” პატრიარქმა, აკადემიის რექტორად ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი დანიშნა. დაახლოებით ორ-სამ თვეში, ჩემს უახლოეს სულიერ ძმას, რომელიც შემდეგ ჩემი მეჯვარე გახდა, შიოშვილმა დაუწყო არშიყი. პატრიარქის რჩეულმა ეპისკოპოსმა! წლების განმავლობაში სემინარიაში ჰყავდა რექტორად, იქ რყვნიდა სტუდენტებს და შემდეგ მღვდლებად ადგენდა თავის “გაფუჭებულ” ახალგაზრდებს. ასეთი რამის მფარველობა დანაშაული არ არის?!
– დადასტურდა ფაქტებით, რომ აღნიშნული ეპისკოპოსი მამათმავალი იყო?!
– სხვა ეპისკოპოსისგან მე ვიცოდი, რომ მამათმავალი იყო, მაგრამ მაშინ ფაქტებით არ მქონდა დადასტურებული. ერთი ახალგაზრდა სტუდენტი იყო, რომელსაც ამ ბინძურმა ეპისკოპოსმა შესთავაზა მასთან ყოფნა, იმ ბიჭმა ატეხა ერთი ამბები და ამ ე.წ. ეპისკოპოსმა, რომელიც ამავე დროს, “კა.გე.ბე”-ს აგენტი იყო, (ფსევდონიმით “კახელი”) გამოუძახა უშიშროებას და სტუდენტი ისე სცემეს დღემდე თვალი აქვს დაზიანებული და დღემდე დაშინებული ჰყავთ. ეს სტუდენტი ახლა არქიმანდრიტია, იოსებ ბურჯანაძე. ამ ამბავზე თვითონ არ საუბრობს, ეს მისი მეგობრებისგან ვიცით ყველამ. საზოგადოებაში ცნობილი ფაქტი იყო, რომ ზოსიმე შიოშვილი გახრწნილი ეპისკოპოსი იყო. ჩემს უახლოეს სულიერ ძმას დაუწყო არშიყი: ამ ბიჭს ჯარში იძახებდნენ და ეს ეპისკოპოსი დაპირდა, რომ მოუგვარებდა საქმეს კომისართან, სამაგიეროდ, მოსთხოვა ბინძური კავშირი, ისევე, როგორც შიოლაშვილი სთხოვდა მამალაძეს! აბა რატომ დაიჭირეს მამალაძე?! ან, რატომ დახურეს სხდომა?! მამალაძეს, შიოლაშვილი სთხოვდა სოდომურ კავშირს, ასევე, პორნო-ვიდეოების ყურებას, რადგან მან არ იცოდა ტელეფონის გამოყენება და ა.შ ეს მამალაძეს კი არ ამართლებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ახალგაზრდა ბიჭი იყო, პროვინციიდან თბილისში ჩასული, საპატრიარქოს საფინანსოს განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნეს. პატარა ბიჭს, რომელიც არც ცოდნით, არც წარმომავლობით, არც გამოცდილებით არ გამოირჩეოდა, ჩააბარეს საპასუხისმგებლო საქმე. პატრიარქმა ნახა ქობულეთში, თვალი დაადგა და წაიყვანა თბილისში, დასვა ამ თანამდებობაზე. მამალაძემ საპატრიარქოში, რა თქმა უნდა, ნახა ფინანსური დარღვევები და ათეულობით მილიონი ლარის გათეთრების ფაქტები, მაგრამ რა გგონიათ, ამის გამო დახურეს მამალაძის სასამართლოს სხდომა?! ამის რცხვენია საპატრიარქოს?! დახურეს იმიტომ, რომ მამალაძემ მოყვა პატრიარქი როგორ ძალადობდა მასზე. მოსამართლე გამოვიდა და თქვა: “იქ ისეთი საკითხები იყო განხილული, ერში მღელვარებას გამოიწვევდა და დავხურეთ სხდომაო”. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა: “მე არ ვიცოდი რაში იყო საქმე და ვერ შევიწყალებ დეკანოზ გიორგი მამალაძესო”. ანუ, რაში იყო საქმე?! შოკირებას რა გამოიწვევდა?! ის, რომ იაკობმა ფულები შეჭამა, იქ თეოდორემ მანქანა იყიდა და ა.შ. ეს დაშოკავდა ერს?! ეს ხომ ისედაც ცხადზე ცხადია! ერთადერთი, ერს დაშოკავდა შიოლაშვილის მამათმავლობის დამტკიცება! თავის დროზე, სწორედ, ამ ნიშნით იქნა შერჩეული რუსული “კა.გე.ბე”-ს მიერ და შემოიგზავნა ქართულ ეკლესიაში. ზოგი გაუნათლებელი იფიქრებს, ასე თუ იყო, ღმერთმა ამდენი ხანი რატომ დაუშვა მისი პატრიარქობაო?! ეკლესია აღარ არსებობდა საქართველოში და ეს ერმა დღემდე ვერ გაიაზრა.
– თქვენ თქვით, რომ ქართულ ეპარქიას არ მიეკუთვნებით, საზოგადოებამ ისიც იცის, რომ იდევნებით თქვენივე ქვეყნიდან და უცხო მიწაზე, საფრანგეთში მოღვაწეობთ, როგორც სასულიერო პირი. რატომ “განიდევნეთ” სამშობლოდან საქართველოს ეპარქიის მიერ?!

– როგორც თქვით, ეს ამბავი 1988 წელს მოხდა, თუმცა, საქართველო 1997 წელს დატოვეთ. რა ხდებოდა ამ 9 წლის მანძილზე?
– მოკლედ გეტყვით: სემინარიის ინციდენტის შემდეგ, მოხდა 9 აპრილი და შეიცვალა ვითარება, შემდეგ ეროვნული ხელისუფლება ავირჩიეთ, იმედი გვქონდა, რომ ეროვნული ხელისუფლება ახალ “რუის-ურბნისის კრებას” ჩაატარებდა და გაწმენდდა ეკლესიას ასეთი მავნებლებისგან… შემდეგ მოხდა ის, რაც ყველამ ვიცით, ზვიადი გააგდეს, შემდეგ კი უშიშროება ამ ცრუ სასულიერო პირების საშუალებით ავრცელებდა, რომ “ზვიად გამსახურდია ცოცხალია და იმალებაო”, განგებ ავრცელებდნენ, რომ ხალხში მღელვარება ჩაეხშოთ. ჩემი სულიერი მამა ამბობდა, რომ საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს და მიდის მზადება, მაგრამ შიოლაშვილი 2-3 წელი ამზადებდა ამ კრებას და დროც გავიდა. ჩვენ ზვიადისტებს გვეძახდნენ, დევნაში ვიყავით და ვიმალებოდით, რომ არ დავეჭირეთ. 1995 წელს, როგორც იქნა შიოლაშვილმა ჩაატარა კრება, რომელიც იყო სამარცხვინო, რომლის შემდეგადაც გადავწყვიტე ქვეყანა დამეტოვებინა, მუდმივ მალვაში ხომ არ ვიქნებოდი, ან უნდა წავსულიყავი, ან მომკლავდნენ. ზვიადი მოკლეს, ეროვნული ძალები ჩაახშეს, ზოგი დაიჭირეს, ზოგი მოკლეს, უმრავლესობა ძებნაში ვიყავით. სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ ვიბრძოდი, რომ აღვედგინეთ სემინარიაში. რელიგიის საბჭოს აპარატიდან დაურეკეს პატრიარქს და უთხრეს, რომ აღვედგინეთ. ჩვენ შევუვარდით მას და ვუთხარით, რომ: “პატრიარქი არაფერ შუაში არაა, თქვენ მიეცით დავალება“-მეთქი. მაშინ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ პატრიარქი წესიერი იყო და გარე ძალები ებრძოდნენ. მან ჩვენს თვალწინ დაურეკა პატრიარქს. საბოლოოდ, აღგვადგინეს და წვალებით დავასრულე სემინარია, მაგრამ ამასობაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და როცა დიპლომის ასაღებად მივედით, გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ მუყაო, რაზეც უნდა დაებეჭდათ. თბილისის ტაძარში დიაკონი ვიყავი და აკადემიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, სემინარიის დიპლომიც აკადემიისთვის მჭირდებოდა, სიდედრისთვის საჩვენებლად კი არა. როცა მოგვიანებით ისევ მივედი სემინარიაში დიპლომის ასაღებად, ახალი რექტორი დამხვდა, “ძველი კა.გე.ბეშნიკი”
– ემიგრაციაში, რომ არ წამოსულიყავით საქართველოში რა ბედი გეწეოდათ?
– თუ, გავჩუმდებოდი და ხმას არ ამოვიღებდი, ექვსი გავლენიანი ეპისკოპოსი მთავაზობდა მღვდლად კურთხევას (მაშინ დიაკონი ვიყავი). ანუ, სინდისზე, რომ გადამესვა ხაზი, დღეს მეც საქართველოს ე.წ. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ვიქნებოდი. სრული უსინდისობის თანამონაწილე, რასაც დღეს საქართველოს ეკლესიაში უმრავლესობა აკეთებს, ყველა ეპისკოპოსი, მთელი სინოდი, გარდა მეუფე პეტრეს ერთგული სამღვდელოებისა. სანამ მეუფე პეტრე მათთან იყო და ხმას არ იღებდა, ისიც არ ჰგავდა ეპისკოპოსს.
– ამბობთ, რომ მეუფე პეტრეს არ იცნობთ, თუმცა, რამდენჯერმე დადებით კონტექსტში ახსენეთ მისი მოღვაწეობა…
– კიდევ გაგიმეორებთ, მე არც ვიცნობ მეუფე პეტრეს. 2010 წელს ციურიხში ყოფნისას, როცა პატრიარქზე ვსაუბრობდი, მითხრეს: “აქ მეუფე პეტრე არის და შენ როგორ ბედავ პატრიარქზე აუგის თქმასო?!” არც ვიცოდი მეუფე პეტრე ვინ იყო, “შემახვედრეთ და ვნახოთ სიმართლე ვის მხარეს იქნებათქო“. შევუთვალე შემხვედროდა, მაგრამ არ შემხვდა. რა თქმა უნდა, მაშინ მასზე დადებითი შთაბეჭდილება არ შემქმნია, მაგრამ ადამიანს წარსულს არ გავუხსენებ, თუ დგება აღმსარებლობის გზაზე. მეუფე პეტრეს ბრალი კი არ იყო, მაშინ იქ, რაც ხდებოდა, ახალგაზრდა კაცი მოვიდა ეკლესიაში და ვინ ეყოლებოდა მას მოძღვარი და აღმზრდელი?! დახვდნენ მამათმავლები, “კა.გე.ბეშნიკები” და ეს წამხდარი ე.წ. სასულიერო პირები. 
– აქვე გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო წმინდა სინოდისა და პატრიარქის მხრიდან, ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს განყენება?
– მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება, არც ზნეობრივად და არც კანონიკურად არ იყო სწორი! იმიტომ, რომ ეპისკოპოსის განყენება არის სინოდის გადასაწყევტი. იქ იცით რა მოხდა?! სინოდის წევრებმა იცოდნენ, რომ მეუფე პეტრე აპირებდა შიოლაშვილის მხილებას და ზოგი მხარს უჭერდა კიდევაც. პირად საუბრებში, ეუბნებოდნენ: “შენ ამხილე და ჩვენ მოგყვებითო”. შემდეგ კი, ვინც პირად საუბრებში მხარს უჭერდა, აღარ დაუჭირეს მხარი, ხოლო დანარჩენები ხმას არ იღებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მეუფე პეტრეს კომპრომატები მხოლოდ პატრიარქზე კი არა, მათზეც ჰქონდა. შიოლაშვილმა სინოდის სხდომაზე იცით რა გააკეთა?! წამოდგა და მეუფე პეტრეს მიმართა: “შენ აღარ ხარ ეპისკოპოსი, გადი აქედან!” თქვენ, რომ საეკლესიო კანონიკა იცოდეთ, გეცოდინებათ ისიც, რომ ეს უდიდესი კანონდარღვევაა! ეს იგივეა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ერთ-ერთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუზღუდოს დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებით. პატრიარქი რა ჰგონია ამ ხალხს?! სიტყვა პატრიარქი ნიშნავს მამამთავარს. პატრიარქი ღმერთი არ არის! უფალზე მაღლა არ დგას არავინ და არაფერი!
– საკითხს, რომ დავუბრუნდეთ: თქვენ მამათმავალ სასულიერო პირებზე ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთეთ, ასევე, დადასტურებულ ფაქტებზე საუბრობდით. რას გულისხმობთ?!

– რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის საკითხს, ევროსასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრძოლა თქვენც ევროსასამართლოში გაგეგრძელებინათ?
– დიდი ხანია ამაზე ვფიქრობთ, კოვიდ-ვითარებამ შეგვაფერხა და როცა უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩავალ, ჯერ, მაღალჩინოსნებთან ვგეგმავ შეხვედრას, მათ პირდაპირ მოვთხოვ დაიწყონ დაკავებების სერია და დამნაშავე სასულიერო პირების დასჯა. მივცემ დროს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები დააკავონ. უღმერთო კომუნისტებიც კი მამათმავლებს სისხლის სამართლის კოდექსით სჯიდნენ, მაგრამ ლიბერალურმა სამყარომ, გარდაქმნილი საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, ამოიღეს ეს დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულებათა სიიდან. თუმცა, სასულიერო კანონიკით, რომ ვიმსჯელოთ, ხორციელ ცოდვაში, ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება მამათმავლობა! სულიერ ცოდვაში არის ერესი, მწვალებლობა, ხოლო ხორციელში მამათმავლობა! ამის გამო უფალმა ქალაქები დაწვა, სოდომი, გომორი, ამიტომაც ჰქვია მამათმავლობას სოდომური ცოდვა. რაც შეიძლება მალე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ვაპირებ იმ მაღალჩინოსნებს შევხვდე, ვისაც ვიცნობ. თუ მიმიღებს, მინდა, რომ პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდე, რადგან კარგად ვიცნობ. როცა პარიზში სწავლობდა, ჩემთან დადიოდა ეკლესიაში, სტიქარსაც კი ვაცმევდი, მიყვარს ეს ადამიანი, როგორც ჩემი ყოფილი მრევლის წევრი. წესიერი ახალგაზრდა იყო, ნიჭიერი. ვიცნობ და არის ჩვენ შორის ურთიერთპატივისცემა.
– პრემიერ ღარიბაშვილთან, თუ გქონიათ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი?
– დიახ, მე ეს პოსტადაც დავდე. სუსის არქივში ეს დაფიქსირებულია. ჩვენი შეხვედრის დიალოგიც აღწერილია. ეს იყო მაშინ, როცა პირველად დანიშნეს პრემიერად. ამ კონკრეტულ თემებზე დიდად არ გვისაუბრია, მაშინ, ნაკლებად აქტუალური იყო.
“მამა გიორგიმ, პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდა ახალი “რუის-ურბნისის” კრების ჩატარებისკენ და პრემიერმა ეს შეთავაზება არ მიიღოო“. ე.ი. უშიშროებამ გიორგი ჭყონდიდელად გამომიყვანა. ჩვენ ხუთსაათნახევრიანი შეხვედრა გვქონდა, მას ნამდვილად მოვუწოდე “რუის-ურბნისის” კრებისკენ. მან დიდი სიყვარულით მიმიღო და ამას არასდროს დავუვიწყებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მხრიდან რაიმე ურჯულოს ხელს დავაფარებ. მაშნაც ვუთხარი რა შენიშვნებიც მქონდა, მაგრამ ახლაც, როცა ჩავალ საქართველოში, თუ თავს არ ამარიდებს და შემხვდება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ველაპარაკო. დარწმუნებული ვარ, მან იცის, რომ მე სიმართლეს ვლაპარაკობ და ამიტომაც მცემს პატივს, მაგრამ ხელისუფლება საპატრიარქოს ეთანამშრომლება, რადგან არჩევნებში სჭირდებათ ერთმანეთი და ერთმანეთს უმაგრებენ სკამებს, მაგრამ ღარიბაშვილს და არავის ეს არ გაამართლებს, რადგან პირველ რიგში ჩვენ ღვთის წინაშე უნდა ვიყოთ პირნათელნი. მანდატების, სკამის, ფულის და არაფრის გამო არ უნდა დავთმოთ ჩვენი წმინდა და საღვთო მცნებები. ჩემი ძმაც, რომ იყოს, იმასაც იგივენაირად მოვთხოვ და იგივენაირად ვეტყვი. მიყვარს და არ მინდა, რომ დაიღუპოს. ხელისუფალს ვინც აქებს და ადიდებს, ის არის მისი მტერი. ყველაფერი არც მაშინ იყო ღარიბაშვილზე დამოკიდებული (პირველი პრემიერობის დროს) და არც ახლაა მასზე ყველაფერი დამოკიდებული. ყველამ ვიცით ვინც მართავს ქვეყანას დე-ფაქტოდ, რომელთანაც არ მქონია შეხვედრა. ყველანაირად დამბლოკა საპატრიარქომ, ყველა კუთხით და მინდა ირაკლის ვთხოვო, რომ შემახვედროს ბიძინა ივანიშვილს.
– თუკი ეს შეხვედრები შედგება, ძირითადად, რა საკითხების განხილვას აპირებთ ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან?
– რა სახით და რა ფორმით მიმიღებს ეს მისი ნებაა. პირდაპირ ვეტყვი, რომ “ვამზადებ სარჩელს, რადგან თქვენ ხელს აფარებთ პედოფილებსა და მამათმავლებს“-თქო. დღეიდან მაინც მიიღონ ზომები, დააპატიმრონ პედოფილები და მამათმავლები. პირველ რიგში მოხდება, მთავარი ზნეობრივი საკითხის განხილვა. ვიცი რამდენიმე შემთხვევა, ვესაუბრე მშობლებსაც. ჯერ კიდევ 2017 წელს ორი პოსტი მივუძღვენი სოციალურ ქსელში სერაფიმე ჯოჯუას საკითხს. ტელევიზიებითაც მოხდა გაშუქება. დავამტკიცე, რომ სერაფიმე ჯოჯუა არის ავადმყოფი პედოფილი და ეს სუსის ჩანაწერებმაც დაადასტურა. რა უნდა ამას ანაფორაში?! პედოფილია არის, თუ არა დანაშაული?! რა თქმა უნდა, არის! მთელს მსოფლიოში ისჯება ბავშვების მხრწნელი! ვინც ბავშვებს ხრწნის არის, თუ არა სისხლის სამართლის დამნაშავე?! რა თქმა უნდა არის და ვინც ამას ხელს აფარებს ის დამნაშავე არ არის?! ისეთი საკითხების განხილვას ვაპირებ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ პატრიარქი არამარტო უნდა იქნეს გადაყენებული, არამედ, უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. წარუდგინონ ბრალი, მიუსაჯონ და უფლის წინაშე ვაცხადებ, რომ მე მოვიხდი ციხეში სასჯელს მის ნაცვლად, მოვვდები კიდევაც თუ საჭირო იქნება. ილია მეორე არც იერარქიაა და არც პატრიარქი. მერე რა, რომ პატრიარქი ჰქვია, პედოფილს და ბავშვების მხრწნელს უნდა უმფარველოს?! ივანიშვილსაც და ღარიბაშვილსაც, ან ნებისმიერ სხვა მაღალჩინოსანს, ასე ვეტყვი, პირდაპირ: “მაინცდამაინც შენი შვილი უნდა გახრწნას მოძღვარმა?! შენს ცოლს, რომ არშიყი დაუწყოს დაინდომ იმ მღვდელს?!”
– ბუნებრივია, რომ პატრიარქსაც და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც პატივს სცემენ ხელისუფლებაშიც და ერშიც. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელი იქნება ივანიშვილმა თქვენი პოზიცია გაიზიაროს და “მოქმედებაზე გადავიდეს?!”
– იმედები კი არ მაქვს ყველაფერში დამეთანხმონ და სერიოზული რეფორმები მოხდეს, მაგრამ ერთი პედოფილი მაინც დაეჭირათ! ჩემი სულიერი შვილის უახლოეს ნათესავს, აღსარებაზე მისულ ბავშვს, ქაშუეთის ტაძრის მოძღვარმა, ელიზბარ ოდიშვილმა, კაბაში შეუყო ხელი, “მაინტერესებდა კოლგოტი, თუ გეცვაო!” ეს არამზადები მაინც დააკავონ! მოწმეებიც არსებობს და დამამტკიცებელი საბუთებიცაა. ეს ამბავი საქართველოში, რომ ვიყავი მაშინ მითხრეს, უკვე ვბრუნდებოდი საფრანგეთში და მათ ვუსაყვედურე იმაზე, თუ რატომ არ მითხრეს აქამდე. “ადრე მოხდაო, მიტროპოლიტს, მღვდელს, ყველას ვუთხარით, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყაო!” მათ ეგონათ, რომ ეს ვიცოდი. ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამაც ხომ მოყვა?! მას არ დაუსახელებია არც ტაძარი და არც მოძღვარი, მაგრამ რთული მისახვედრი არ იყო. სანამ ამ საქმეებს ბოლომდე არ მივიყვან არ მოვეშვები! საქართველოს ხელისუფლებასა და ჩემს შორის, თუ ვერ შედგება კონსესუსი, მე მაინც იმ ნაბიჯებს გადავდგამ, რასაც ჩემი სინდისი და მოვალეობა მკარნახობს. თუ, ხელისუფლება მიიღებს ზომებს და მე არ გამიხდება საქმე ევროსასამართლოშ სარბენად, მოხარული ვიქნები, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ხელისუფლება არაფრად ჩააგდებს, მაშინ ჩვენი ბრძოლა ევროსასამართლოში გაგრძელდება.
– თუ ამბობთ იმას, რომ ყველა მაღალჩინოსანს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და მათი ავტორიტეტები სჭირდებათ არჩევნებზე; თუ ამბობთ იმას, რომ ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ; როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს შეხვედრები, თუკი შედგება რა თქმა უნდა?!
– მე ასეთი კითხვა მექნება ივანიშვილთან: არჩევნებში მოგება და ხელისუფლება უფრო გჭირდება, თუ სასუფეველი?! თუ ის მიწიერ საჭიროებებს მიანიჭებს უპირატესობას, ეს მისი არჩევანი იქნება. მე მათ როგორც პოლიტიკოსებს ისე კი არ ვუყურებ, აღვიქვამ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. ივანიშვილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს, როცა გარმელიას კადრები აქვს ნანახი და რა გგონიათ, პატრიარქის კადრები არ აქვთ ნანახი?! იმიტომაც სდუმან, რომ არ აქვთ რწმენა და გამბედაობა. დღეს, როგორც არასდროს ისე დგას რუის-ურბნისის კრების საჭიროება. ეკლესია კი არ უნდა განიწმინდოს, ახლიდან უნდა შეიქმნას და აღდგეს ნამდვილი ეკლესია.
– ეკლესია ხომ ისედაც კარგავს მრევლს და ამ ყველაფრის შემდეგ, როცა პატრიარქთან და ეპისკოპოსებთან, ასე ღია დაპირისპირებაში შედიან სასულიერო პირები, როგორ ფიქრობთ, რწმენა ხომ არ შეირყევა ერში?! რა შედეგებს პროგნოზირებთ თქვენ?!
– მაშინ ასე დავსვათ საკითხი: რა არის მეორე ვარიანტი?! გავჩუმდეთ, სიბილწეების თმენა გავაგრძელოთ და მრევლი მოვიმრავლოთ, თუ როგორც უფალი მოგვიწოდებს ვამხილოთ?! ამ შემთხვევაში, თქვენი შეკითხვა ლოგიკურად და ჟურნალისტურად სწორად არის დასმული, მაგრამ ასეთი შეკითხვა სულიერად არ არის გამართლებული, რადგან მხილების და ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს ამ მდგომარეობას!
– თუკი ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველა სდუმდა (თუ არ ჩავთვლით მეუფე პეტრეს მწვავე განცხადებებს ბოლო სამი წლის მანძილზე), საზოგადოებას ღიად არ ვაწვდიდით ინფორმაციას მხილებებთან დაკავშირებით, ახლა საზოგადოება ინტენსიურად იღებს ინფორმაციას ამ მიმართულებით, რამდენად შეძლებს ერი ამ ყველაფრის მიღებას?!
– მეუფე პეტრე არ იყო პირველი, ვინც ღიად ისაუბრა ამ საკთხებზე. სადაც მიმიწვდებოდა ხელი, მეც ღიად ვსაუბრობდი, იქნებოდა ეს სოციალური ქსელი, თუ “თბილისის ფორუმი”. მეუფე პეტრე იყო საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი, ასევე, იყო ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტიც, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული პირიც და მას შეექმნა ვითარება, რომ ტელევიზიებმა დაუძახეს და გააშუქეს მისი მხილებები, თორემ, რომ არ გაეშუქებინათ, ასე, ჩემსავით მოუწევდა სოციალურ ქსელებში წერა. მისი რანგით და პატრიარქის მხილების დამადასტურებელი არგუმენტებით, იმით, რომ მას ფაქტები ჰქონდა და 12 მოწმე ჰყავდა, მას მიეცა საშუალება, რომ ტელევიზიების საშუალებით ეთქვა ყველაფერი. ტელევიზიებში მე დაბლოკილი ვარ. მას შემდეგ, რაც ზოსიმე შიოშვილის ხელწერილი გავასაჯაროვე, სამი წლის წინ, საქართველოში ჩასვლისას დამიძახეს ტელევიზიებმა და პირველი ჩართვა გამოვიყენე მაქსიმალურად, შემდეგ დავტოვე საქართველო და ჩემს წინააღმდეგ ეთერებში გამოსული საპატრიარქოს წევრების მხრიდან არაერთი ლანძღვის საპასუხოდ, თავის მართლების საშუალებაც კი არ მომცეს.

– ევროსასამართლოს საკითხს, რომ დავუბრუნდეთ: იმ სარჩელში, რომელსაც თქვენ ევროსასამართლოსთვის ამზადებთ, დაახლოებით რამდენი დაზარალებულის საქმეა შესული?

– იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დავა სტრასბურგში გაგრძელდება, ამ მოწმეებს მოუწევთ წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და კონკრეტული სასულიერო პირები დაასახელონ…
– როცა ოფიციალური ორგანოები ჩაერთვებიან, ეს უკვე სხვა საქმეა, მათ საჭიროების შემთხვევაში, დაცვასაც კი დაუნიშნავენ. პირდაპირ ტელევიზიებით, რომ გამოვიდნენ და მხილებები დაიწყონ, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ერთი გამოვიდა, ეყო ვაჟკაცობა. მამა ანდრია სარიას გადაცემაში, გიორგი გელაშვილი გამოვიდა და ყველაფერი მოყვა, დანარჩენებს მათივე უსაფრთხოების გამო ვერ დავასახელებ. ისინი ამბობენ, რომ საეკლესიო სასამართლოზე ყველაფერს იტყვიან. “გვეშინია, ოჯახები გვყავს და ჩაგვქოლავენო”. ამ ყველაფერს ანაფორაში კი არა, ანაფორის გარეშეც ვერ მოვითმენდი. რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას, მათ ჩემი დახმარება არ სჭირდებათ. ეს მასალები და სხვებიც მოძიებული აქვთ, მთავარია მოქმედებაზე გადავიდნენ.

ზოსიმე შიოშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებების ავტორებს ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ. მისივე თქმით, ამ სტუდენტების უკან ქრისტეფორე წამალაძე იდგა.
1988 წელს სასულიერო სემინარიაში (მომხდარი ფაქტის გასარკვევად), ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ზვიად გამსახურდია მისულა. როგორც ზოსიმე შიოშვილი 2019 წლის 6 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას იხსენებს, გამსახურდიასთან ახლოსაც არ მისულა, რადგან სემინარიაში ეროვნული მოძრაობის ლიდერის გამოჩენით ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა.
აღნიშნულ პრესკონფერენციაზე საუბარი ასევე შეეხო, ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განყენების საკითხს. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭირა, თუ არა მხარი ზოსიმე შიოშვილმა მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებას, შიოშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო ერთადერთი გამოსავალი და უფრო ფრთხილი მოქმედებაც შეიძლებოდა.
“მე არ მინდა სინოდის ამბები აქ გამოვიტანო. მაგრამ პირადად ჩემთვის არ უკითხავთ, რომ მეუფეო გინდათ თუ არა, რომ პეტრე გადავაყენოთ? იქ ასეთი საერთო აზრი იყო. მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მეუფე გინდათ თუ არა? მე ჩემი მოსაზრება მქონდა, მეუფე ისაიას კიდეც გადავულაპარაკე, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება. კიდევ რაღაცა დრო უნდა მიგვეცა მისთვის, თუნდაც, ან მონასტერი ან რაღაც, მაგრამ ასე ერთსახად? მეშინოდა არ გაბოროტდეს ეს კაცი, ამის შიში მქონდა და მერე რაღაც მსგავსიც დავინახე. არ უნდა მივიყვანოთ ადამიანი აქამდე. ადამიანს მოფრთხილება სჭირდება.
პატრიარქის წინაშე ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ეკლესიის თავი ღვთისაგან უნდა განისაჯოს. ამ 31 წლის მანძილზე თქვენ გგონიათ ყველაფერი მოსაწონი და გასახარი იყო ჩემთვის? მაგრამ არასდროს ერთი სიტყვა არ მითქვამს, იმიტომ, რომ ის ეკლესიას განასახიერებს”, – განაცხადა წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმე შიოშვილმა 2019 წლის 6 ნოემბრის პრესკონფერენციაზე.
ავტორი: მზეკო ჟვანია

























