მოვუწოდებ მთავრობას, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში – ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, რომელსაც გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცეს, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში გადაიყვანოს.

ამის შესახებ მან უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს.

მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე, ასევე მესამე ქვეყანაში, ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, რომელსაც ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება აქვს”, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ