შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩი კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ალექსანდრე დარახველიძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქალი პოლიციელების როლს გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში ქალ-სამართალდამცველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქალი პოლიციელების ხსოვნას.

ოთხდღიანი კონფერენციის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე, ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.

კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ მთავრობას, დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში – ლუდმილა დენისოვა
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – პატიმრებს მოუწოდებენ ხოლმე შიმშილობის შეწყვეტისკენ, სააკაშვილს კი, გარედან ამხნევებენ, რომ არ შეწყვიტოს, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ