მოსკოვში 91 წლის ასაკში რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა

მოსკოვში 91 წლის ასაკში რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ალექსეევა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლუდმილა ალექსეევამ უფლებადამცველის საქმიანობა 1966 წელს დაიწყო. ის იყო საბჭოთა კავშირში მწერლების ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის დაკავებისა და გასამართლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მოძრაობის მონაწილე. მოგვიანებით, ალექსეევა გახდა საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების მატერიალური დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირში პირველი არალეგალური უფლებადამცველი ბიულეტინის „მიმდინარე
მოვლენების ქრონიკის“ გამოცემაში. იყო საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობების შესახებ რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

1974 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ „ანტისაბჭოთა ნაწარმოებების სისტემატური დამზადებისა და გავრცელებისთვის“ ალექსეევას გაფრთხილება გამოუცხადა. 1977 წლის თებერვალში ის იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და აშშ-ში გადასახლდა. რუსეთში 1993 წელს დაბრუნდა და უძველეს უფლებადამცველ ორგანიაციას „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს“ ჩაუდგა სათავეში. 2002 წელს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი გახდა, რომელიც მოგვიანებით ადამიანის უფლებათა საბჭოდ გარდაიქმნა. ალექსეევამ პრეზიდენტთან არსებული საბჭო 2012 წელს დატოვა და მასში გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდა.

თავისი საქმიანობისთვის ლუდმილა ალექსეევას აქვს მიღებული სახაროვის სახელობის ჯილდო, ასევე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი და სხვა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში პოლიციამ მოზარდები დააჩოქა და შემდეგ დააკავა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკობა ახვლედიანი, რომელიც მალხაზ არქანიას საქმეში ფიგურირებს, თანამდებობაზე დანიშნეს – ადვოკატის განცხადება